რა გავლენა ექნება ეკონომიკაზე ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებულ ახალ რეგულაციებს – ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიას განმარტება

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციები აუცილებლად მისაღები იყო, რათა უარესი ეკონომიკური შედეგი არ დადგეს, ვიდრე ამ რეგულაციებით იქნება.

ამის შესახებ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღები იყო იმიტომ, რომ  უარესი ეკონომიკური შედეგი არ მიგვეღო, ვიდრე გვექნება ამ რეგულაციებით, რომ არ მიგვეღო მეტი სიკვდილიანობა.
რაც შეეხება იმას, თუ რა სიტუაცია დაგვიდგება ამ შეზღუდვების შედეგად: სამწუხაროდ, ის საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს შემოთავზებული, ვერ დაკომპენსირებს იმ მიუღებელ შემოსავალს გინდ ფიზიკური პირისთვის, გინდ იურიდიული პირებისთვის, რომელსაც ის გეგმავდა, რომ მიეღო თავის ბიზნესიდან ან სამუშაო ადგილიდან, თუმცა, სახელმწიფოს მხარესაც უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში ბიუჯეტში გამოიძებნა უზარმაზარი თანხმები, რომელიც დახმარების სახით საზოგადოებასა და ბიზნესსექტორს გაეწევა. თუ შევხედავთ იმ კუთხით, რომ ბიუჯეტს უმცირდება შემოსავლები და  ეზრდება ხარჯები, ჯანდაცვის სისტემაზე არნახული დაწოლაა, ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან ზუსტი რეაგირება იმისთვის, რომ სიტუაცია კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ შედარებით სტაბილურ მდგომარეობაზე, შემდეგ კი დავძლიოთ სრულად ეს გამოწვევა. ჩვენი გათვლებით, რეგუალაციების ამოქმედებიდან 2-3 კვირაში პირველადი პოზიტიური შედეგები აუცილებლად იქნება ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, ეს ხელისუფლებას მისცემს იმის რესურსს, გადახედოს თავის სამომავლო გადაწყვეტილებებს. შესაძლებელი იქნება ამ რეგულაციების შემსუბუქებაც, თუ ამის შესაძლებლობას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს. ვიცით, რომ ვაქცინაც მზადაა, მოგვისწრებს ვაქცინაც ადრე  თუ გვიან. როცა ვაქცინა მოგვისწრებს, ჩვენ უნდა ვიყოთ მინიმალური დანაკარგებით იმ მომენტისთვის როგორც ადამიანების სიცოცხლის თვალსაზრისით, ისე – ეკონომიკური ზარალის თვალსაზრისით, რომ შევძლოთ ოპერატიულად ამ ვაქცინების ყიდვა, ჩამოტანა, გაკეთება და ეკონომიკამ სწრაფი აღმავლობა დაიწყოს. არსებობს ყველა ნიშანი, რომ პანდემიის დაძლევის შემდეგ საქართველოც და მთელი მსოფლიოც სწრაფი ტემპებით დაიწყებენ სირთულეების დაძლევას. ამაში საქართველოს დაეხმარებიან როგორც პარტნიორი ქვეყნები, ისე – საერთაშორისო ორგანიზაციები“, – განაცხადა ჭარაიამ.

მისივე თქმით, მოსალოდნელია პროდუქტებზე ფასების გაზრდა, ლარის კურსზე კი – გარკვეული ნეგატიური ეფექტი.

„ეკონომიკური ვარდნა, რომელიც მოსალოდნელი იყო 2020 წელს, – 5 % ნიშნულზე, სავარაუდოდ, გაიზრდება . შეიძლება ეს იყოს +1 %-იანი , 1, 5%-იანი ვარდნა. მეორე ტალღას როგორ დავძლევთ, ამაზე იქნება დამოკიდებული, 2021 წელს შევძლებთ თუ არა დაახლოებით + 5 %-იან ნიშნულზე გასვლას. არ მგონია, რომ რადიკალურად შეიცვალოს ეს მაჩვენებელი. სადღაც -1 %-იანი ვარდნაა მოსალოდნელი. საბოლოოდ,  +4 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა შესაძლებელია. ეს არ არის ოპტიმისტური განცხადება, ეს უფრო რელისტური განცხადებაა.
თითოეული ადამიანის მკურნალობაც საკმაოდ ძვირი ჯდება. მაგრამ,ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია. თუ გვაინტერესებს, ერთი ადამიანის მკურნალობა საავადმყოფოში დღეში დაახლოებით 250 ლარი ჯდება, სასტუმროში დაახლოებით – 100, ერთი ტესტი – 120 ლარი. ჯამურად, ეს გამოდის დაახლოებით 100 მილიონის დანახარჯი. ეს სიტუაცია რომ გაგვექცეს, ხარჯი რადიკალურად დიდი გახდება.

მოსალოდნელია პროდუქტების ფასების გაზრდა, ლარის კურსზე – გაკვეული ნეგატიური ეფექტი, თუმცა, გვაქვს არჩევანი ორ უკიდურესობას შორის, ერთი არის სრული „ლოქდაუნი“ , რომელიც ბუნებრივად შეიძლება მოხდეს, მეორე კი გახლავთ ხელოვნურად მართული ეკონომიკური ვარდნა დეკემბერ-იანვარში“, – განაცხადა ჭარაიამ.

შეგახსენებთ, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციები ხვალიდან ამოქმედდება. მაღაზიები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა), რესტორნები, ფიტნესცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები