ნიკოლოზ შენგელია: ლარი გაუფასურდება და საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებით 60 %-ს მიაღწევს

კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების გამო, საქართველოში ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედებაა. რა შედეგებამდე შეიძლება, მიიყვანოს ამან ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. „ კვირა“ ეკონომიკის დოქტორსა და ანალიტიკოსს, ნიკოლოზ შენგელიას ესაუბრა.

მთავრობამ ეკონომიკური და სოციალური აქტოვობის ე.წ. წერტილოვანი ჩაკეტვა დააანონსა, შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა შემცირდება. ამ პირობებში მოუწევს თუ არა მთავრობას ახალი საგარეო ვალის აღება?

ამ დაანონსებული შეზღუდვების გარეშეც ახალი ვალის აღება გარდაუვალია. ბიზნესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია. მალე ალბათ გადასახადების ამოღების პრობლემაც დადგება და ვალის აღების გარეშე, მით უმეტეს, თუ ახალი შეზღუდვები დაწესდა სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს.

ვალის ოდენობამ მშპ-სთან მიმართებით საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება და ამ გარემოებას რა ეშველება?

საგარეო ვალი უკვე აჭარბებს მშპ-ის 55 %-ს. ახალი ვალის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, 60 %-ს მიუახლოვფება, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

არსებული პირობებში და სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით ამ ვალების გასტუმრება როგორ მოხერხდება?

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი მთავრობები მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობენ და პერსპექტივაზე არ ფიქრობენ, ამიტომაც, ვალების აღება მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა და არც წარმოადგენს. ალბათ, რესტრუქტურიზაციის იმედი აქვთ. ან კიდევ ამ ვალებს ჩასვავენ დენის, ბუნებრივი აირის ტარიფში და ისევ მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღებენ.

მთავრობას, ალბათ, 2021 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მოუწევს. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კორექტირებაც მოუწევთ?

დიდი ალბათობით, ასე იქნება. სავალუტო ფონდმა 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა დაანონსა. მერე ეს მაჩვენებელი 4.3 %-ზე ჩამოიყვანა. მათი პროგნოზები უკვე ამინდის პროგნოზებს დაემსგავსა და, ალბათ, კიდევ მოუწევთ ამ რიცხვების კორექტირება.

შექმნილ სიტუაციაში საბანკო შეღავათები ბიზნესისა და მოსახლეობისთვის თუ იქნება გამოსავალი ან ამის რესურსი აქვს ფინანსურ სექტორს?

სესხების რესტრუქტურიზაცია აუცილებელია. პირველ ყოვლისა, ეს ფიზიკურ პირებსა და არაუზრუნველყოფილ სესხებს ეხება. სხვა შემთხვევაში, მოსახლეობა უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება და რაც  უნდა საურავები და ჯარიმები დაარიცხონ ბანკება მათ კლიენტებს, ამ ფულს უბრალოდ ვერ ამოიღებენ. ოღონდ რესტრუქტურიზაცია უნდა იყოს რეალური და არა  – ფიქცია. მთავარია, შეჩერდეს პროცენტის დარიცხვა, ასევე, უარი უნდა ითქვას რესტრუქტურიზაციისა და მომსახურების გადასახადზე, ხოლო პროცესი მინიმუმ 5-6 წელზე უნდა გაიწეროს. რაც შეეხება ბიზნეს. ამ შემთხვევაში, მთავრობა ყველას
ინდივიდურად უნდა დაელაპარაკოს და ბანკებთან ერთგვარი გარანტორის როლი იკისროს.

ლარს რა ელის?

ახლო მომავალში რაიმე განსაკუთრებულ რყევას არ მოველი. შესაძლოა, ეროვნული ვალუტა ცოტა გამყარდეს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, 3,4 ნიშნულს არ გადააჭარბებს. აი, თებერვალში კი ეროვნული ვალუტა დიდი ალბათობით ისევ გაუფასურებას დაიწყებს. სწორედ ამ პერიოდში კრედიტორებისათვის ვალდებულებების გასტუმრების დრო დგება. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა დოლარზე და უფასურდება ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები