ეკონომისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ე.წ. წერტილოვანი ჩაკეტვები ან შეზღუდვები აუცილებლად მისაღებია. ამის შესახებ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ კორონავირუსის გადაცემა წერტილოვანი რეგულაციებით არ შეიზღუდება, შედეგად, უკონტროლო ვითარება იქნება.
„კოვიდპანდემია ძალიან დიდ სირთულეებს გვიქმნის, შეიძლება ითქვას, რომ კოვიდი უკვე კრიტიკულად გვიტევს. ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალური შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურ მაჩვენებლებს, დაახლოებით, 2,5-ჯერ აღემატება. ჩვენს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ არათუ 3-4 ათასზე, არამედ ბევრად უფრო მაღალ ნიშნულზე ვართ. ეს გამომდინარეობს არა იქედან, რომ ვიღაც მალავს მონაცემებს საქართველოში ან აშშ-ში, არამედ იქედან, რომ ინფიცირების პირველ დღეებში გამოვლენა ვერ ხდება, გარდა ამისა, არის სირთულეები იმასთან დაკავშირებით, რომ ტესტირების გაკეთების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო სჭირდება იმას, რომ მიიღო პასუხი, რა დროსაც შეიძლება, თეორიულად სხვა ადამიანიც დააინფიცირო. ეს ყველაფერი საწოლ ადგილებთან მიმართებით რომ გადავიტანოთ, ჯანდაცვის სისტემისთვის საკმაოდ დიდ სირთულეებს ქმნის. არ მომერიდება, ვთქვა, რომ ჯანდაცვის სისტემა ამ წუთამდე ეფექტიანად უმკლავდება გამოწვევას, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემა ბევრ უფრო წარმატებულ ქვეყანაზე წარმატებულად უძღვება თავის საქმეს. ეს, პირველ ყოვლისა, იმ გმირი ექიმების დამსახურებაა, რომლებიც, მიუხედავად მათ ხელთარსებული მწირი რესურსებისა, ახერხებენ იმას, რომ სიკვდილიანობა დაბალ ნიშნულზე იყოს, ამასთან, მართონ პაციენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა“, – განაცხადა ჭარაიამ.
მისივე თქმით, თუ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები არ იქნება, ეკონომიკაც თავისით გაუარესდება და გაჩერდება, რადგან თუ ადამიანების დიდ ნაწილს ექნება ვირუსი, ისინი სამსახურებში ვერ გავლენ.
„წერტილოვანი შეზღუდვები, ჩემი აზრით, გარდაუვალია. ჩვენი ორგანიზაცია ამას ერთი კვირის წინაც აქტიურად უჭერდა მხარს. ჩვენ ვხედავთ, რომ საწოლფონდს გარკვეული სირთულეები ექმნება, რომელიც შეიძლება, ვერ იმართოს. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია კოვიდინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლის შემცირება. ეს კი შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია.
წერტილოვანი ჩაკეტვები ან შეზღუდვები აუცილებლად მისაღებია, ეს შეიძლება არ იყოს სრული ბოლოკადა, ე.წ. სრული ლოქდაუნი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს, ძირითადად, გადადების წყაროების შეზღუდვა. ესაა ტრანსპროტი, ობიექტები, სადაც ადამიანები დიდი რაოდენობით იკრიბებიან. ასეთი ტიპის ადგილებში ადამიანების რაოდენობის შეზღუდვა აუცილებლად მოგვცემს შედეგს, რასაც გვინდა, რომ მივაღწიოთ.
მე ეკონომისტი ვარ დ არა – ჯანდაცვის სპეციალისტი, ეკონომიკა ჩემთვის უმთავრესია, თუმცა, არსებობს მომენტები, როცა ეკონომიკური გათვლები და ზიანი უკანა პლანზე უნდა გადაიწიოს, რადგან წინა პლანზე გადმოდის ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ იმისთვის, რომ შევძლოთ აღდგენა და განვითარება მომავალში. თუ დღეს ინფიცირებას წერტილოვანი რეგულაციებით არ შევზღუდავთ, შედეგად გვექნება უკონტროლო სიტუაცია, გადადების მაჩვენებელი დღიურად შეიძლება, 10 000-მდეც გაიზრდოს. ეს მოგვცემს იმას, რომ ადამიანის გადარჩენის მაჩვენებელი ძალიან გაუარესდება. ეკონომიკაც თავისით გაუარესდება და გაჩერდება, რადგან თუ ადამიანების დიდი ნაწილს ექნება ვირუსი, ვერ გავა სამსახურში. ბუნებრივად რომ არ დაგვიდგეს „ლოქდაუნი“, უნდა შევზღუდოთ წერტილოვნად, რომ მინიმალური დანაკარგებით დავძლიოთ ეს გამოწვევა. საუბარი იმაზე, პირობითად, „ლოქდაუნი“ მოგვკლავს, თუ კორონა, ძალიან უტრირებული და არაფრისმომცემია.
დღიური ინფიცირების დაახლოებით 4 000-იან ნიშნულზე შენარჩუნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საწოლი ადგილების რაოდენობა, დაახლოებით, 7 000 ერთეული დაგვჭირდება. თუ ერთი-ორი დღე ჩავარდნა იქნება და ინფიცირების მაჩვენებლი პირობითად 3 000, ან 2500 იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ორი დღის შედეგად მომდევნო კვირის განმავლობაში შეიძლება, 7000-დან 5 000- მდე ჩამოგივიდეს საწოლი ადგილების რაოდენობა, რაც ერთკვირიანი ამოსანთქვის საშუალებას გვაძლევს. ამასთან, რეზერვი გაქვს იმისთვის, რომ ახალ, გაზრდილ ვითარებას მოემსახურო“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
თამუნა შეყილაძე