ნათია იოსელიანი: საპრეზიდენტო ბიულეტენები სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც შენახული ჰქონდა წინა არჩევნების ბიულეტენები

“საპრეზიდენტო ბიულეტენები სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები”,- ასე განმარტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მიზეზი, თუ როგორ მოხვდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს ბიულეტენები საპრეზიდენტო არჩევნებზე უბნიდან ძალიან მოხერხებულმა ამომრჩეველმა გაიტანა და ახლა ისინი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის იქნა გამოყენებული.

„ფაქტი არის ერთი, რომ მსგავსი ტიპის ბიულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია, ისინი სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა ეს ბიულეტენები. ეს პროცესზე ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას, რადგან საუბნო საარჩევნო კომისია მას ჩათვლიდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებში, ის თვლაში არ იღებს მონაწილეობას და ბუნებრივია, დისბალანსს ვერ გამოიწვევდა, თუმცა, თავად ფაქტი არის საინტერესო და ჩვენ ასე გვგონია, რომ პირიქით, საარჩევნო ადმინისტრაციას ყველა მხარემ, მათ შორის ამომრჩეველმაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ პროცესები წარიმართოს კანონით დადგენილ ვადებში, ეს არის სავარაუდოდ, ამომრჩევლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელი. ეს არის კანონით დასჯადი ქმედება. ბიულეტენები არის სახელმწიფო საკუთრება და მისი უბნიდან გატანა და განზრახ დაზიანება არის სისხლისსამართლებრივი დანაშაული. თუმცა, როგორც ჩანს, ძალიან მოხერხებული იყო ეს ამომრჩეველი და შეძლო გატანა“, – აღნიშნა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები