იმედი მაქვს, რომ ამ საქმეზე კვალიფიკაცია საგრძნობლად შეიცვლება და წესით და რიგით პროკურატურამ დისკრეცია უნდა გამოიყენოს და შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, – ამის შესახებ მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.
უფლებადამცველის თქმით, ბრალდებულმა აბსოლუტურად, ხალხოსნური მოთხოვნები გააჟღერა და რაზეც ის საუბრობდა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ესაუბრათ.
„ველოდებით ექსერტიზის დასკვნას და იმედს ვიტოვებთ, რომ საქმე გადაკვალიფიკაცირდება როგორც იარაღთან ასევე, ყაჩაღობასთან დაკავშირებითაც, რადგან მას არანაირი თანხა არ მოუთხოვია.
მას სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა, მისი მხრიდან ეს იყო ერთგვარი პროტესტი/პერფომანსი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანები მიმართავენ. თქვენ წარმოიდგინეთ ეს ადამიანი შუა რუსთაველზე რომ დამდგარიყო და ეს მოთხოვნები წამოეყენებინა, ვინმე მოუსმენდა? რომელიმე ჟურნალისტი მივიდოდა და გააშუქებდა? – ბუნებრივია არა, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, დღეს ამ ქვეყანაში არსებობენ მართული, პარტიული ტელევიზიები, რომლებსაც თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და რეალური ადამიანების ხმა მათ არ აინტერესებთ.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, როგორც შეეძლო ისე მიიქცია მასმედიისა და ხელსუფლების ყურადღება. მან, აბსოლუტურად, ხალხოსნური მოთხოვნები გააჟღერა და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რაზეც ის საუბრობდა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ესაუბრათ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ასევე, ადვოკტი იმედს გამოთქვამს, რომ საქმეზე კვალიფიკაცია საგრძნობლად შეიცვლება და წესით და რიგით პროკურატურა დისკრეციას გამოიყენებს. სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება.
„ჩვენ ვიცით, რომ სააფთიაქო ქსელების მაგნატი მაჟორიტარობის კანდიდატი გვყავს, რომელსაც არცერთხელ არ განუცხადებია, რომ მედიკამენტებზე ფასებმა უნდა დაიკლოს.
მე იმედი მაქვს, რომ ამ საქმეზე კვალიფიკაცია საგრძნობლად შეიცვლება და წესით და რიგით პროკურატურამ დისკრეცია უნდა გამოიყენოს და შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან თვითონ ამ ბიჭმა საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე დადო, ვინაიდან არავინ არ იცოდა ეს სპეცოპერაცია როგორ დასრულდებოდა. გირაოს შეფარდებაზე ვერაფერს გეტყვით, გავეცნობით საქმის მასალებს და იმის მიხედვით.
ფაქტია, რომ ამ ადამიანს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, არსად გაქცეულა, არ არის ნასამართლევი, კანონთან კონფლიქტში არ ყოფილა, არც ადმინისტრაციული წესით არის დაჯარიმებული. მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც გვაძლევს წინაპირობას, რომ მის მიმართა არ იყოს აღკვეთი ღონისძება პატიმრობის სახით.
არავის არ ეგონოს, რომ დანაშაულის რაიმე ფორმით რომანტიზებას ვახდენ, პირიქით, ძალიან ვწუხვარ და ვგულშემატკივრობ იმ ადამიანებს, რომლებიც მიკროსაფინასოში იყვნენ – მათ სტრესი განიცადეს,ლევანი თითიოეულ მათგანს ბოდიშს უხდის და ძალიან სწუხს მათ გამო, მაგრამ ლევანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ადამიანებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. მე არ მგონია რომ ე.წ მძევლებს რაიმე სახის აგრესია ჰქონდეთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ“, – განუცხადა “კვირას” ირმა ჭკადუამ.
ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გუშინ, 31 წლის მამაკაცი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბრალდებული, დეპუტატების პარლამენტში შესვლას და 3 კანონის მიღებას ითხოვდა:
1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში;
2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში;
3) ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ.