„ძალიან უხერხულია, როცა მეგობრებთან ერთად ვსხედვართ სადღაც და ჟურნალისტები, როგორც ზონდერდაჯგუფება, ისე მისდევენ სუფრის მონაწილეებს“ – ლიკა გამრეკელი
საზოგადოებრივი მოძრაობა “მარო მაყაშვილის” დამფუძნებელი, ლიკა გამრეკელი ერთერთ რესტორანთან გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. გამრეკელი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა მხარდამჭერებისთვის რესტორანში სუფრა გაშალა.
„გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით: ჟურნალისტები ზონდერდაჯგუფებასავით მოცვივდნენ იქ, სადაც რეალურად დაბადების დღეზე ვიყავით, კითხულობდნენ ლევან კობიაშვილს, თითქოს, მან რაღაც სუფრა გაშალა. ძალიან უხერხულია, როცა მეგობრებთან ერთად ვხსედვართ სადღაც და ჟურნალისტები, როგორც ზონდერდაჯგუფება, ისე მისდევენ სუფრის მონაწილეებს. ძალიან უხერხულ მდომარეობაში ჩაგვაგდეთ. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიის მხარდამჭერები ვართ? რაკი პარტიის მხარდამჭერი ვარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების, ჭამის უფლება არ მაქვს“, – განცხადა გამრეკელმა „კვირას“ პრესკლუბში.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება კობიაშვილმაც გააკეთა.
„განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რამდენიმე ტელეარხის საშუალებით მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია ჩემსა და ჩემი საქმიანობის შესახებ.
ჩემთვის მიუღებელია ის ძალიან სუსტი, შეთითხნილი და ზოგ შემთხვევაში სასაცილო ბრალდებები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში მესმის ტელეარხებიდან.
აღნიშნული ერთადერთ რამეს, მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას ემსახურება.
წარმოუდგენელია ასეთი დოზით დეზინფორმაციის გავრცელება!
ახლა ვუყურე ტელეკომპანია ,,მთავარის,, ეთერში გასულ სიუჟეტს ჩემ შესახებ, თითქოს, რესტორანში სუფრებს ვუშლი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.
ეს არის მორიგი ტყუილი, ცილისწამება და არცერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს.
სამარცხვინოა“, – წერს კობიაშვილი სოციალურ ქსელში.