კახა საბანაძე: ე.წ. სირცხვილის დერეფნების ორგანიზება მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს არღვევს და მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას

“მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

შს მინისტრის მოადგილემ  ე.წ. სირცხვილის დერეფნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამომრჩევლებისთვის არჩევნის ნების შეზღდვა არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

,,ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე”, – განაცხადა კახა საბანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ, მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები