ბიძინა გეგიძე: საქართველოში პოლიტიკური „ელიტა“ წარმოადგენს ორი ძალის სიმბიოზს და ყველაფერი იყიდება
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით განხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური „ელიტა“ წარმოადგენს ორი ძალის სიმბიოზს და ყველაფერი იყიდება.
„ბოლო წლები ქვეყანა ცხოვრობს კრიზისიდან კრიზისამდე. პოლიტიკური „ელიტა“წარმოადგენს ორი ძალის სიმბიოზს, რომელიც ცდილობს სახელმწიფოს მართვის ახალი მეთოდიკის დანერგვას, რაც დაეხმარება მათ, მუდმივად იყვნენ ამ ურთიერთობაში ერთმანეთსა და ხალხთან.
„ელიტა“ ძალიან დახელოვნდა კრიზისების შექმნის საკითხში: გავრილოვის შემთხვევა, სასამართლო, პრეზიდენტების დანიშვნა, საზოგადოების მოტყუება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სხვა არაადეკვატური მოქმედებები და განცხადებები ამის დადასტურებაა. ოპონენტების მიერ წარმატებულად ხდება ისეთი შემთხვევების გამოყენება, რომლებიც პირდაპირ კავშირში არ არის ხელისუფლებასთან, როგორიცაა: სარალიძის, „ღამის კლუბის“, შაქარაშვილის, ბაჩალიაშვილის შემთხვევები. შეიძლება ითქვას, რომ რეპეტიციები წარმატებულად იქნა გავლილი და გამოცდილება გამოყენებული იქნა და იქნება არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად და სხვა საჭიროებისთვისაც.
ხელისუფლება თვითონ „იჩალიჩებს“კრიზისებს, როდესაც უშვებს ზემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს და ვერაფრით პასუხობს ოპონენტების მიერ აგორებულ საპროტესტო გამოსვლებს.
კრიზისების წარმატებით შექმნის განგანსხვავებით, აშკარად წარუმატებელია მათი გადაჭრის პრაქტიკა. პოლიტიკური „ელიტა“, უკვე მერამდენედ, აწარმოებს არასაჯარო, დახურულ მოლაპარაკებებს უცხოელი მომრიგებლების თანდასწრებით და გადარჩენის პანაცეად გვიცხადებს იქ მიღებულ შეთანხმებებს, რომლებიც ყოველ ჯერზე ფიასკოთი მთავრდება (შეთანხმება შერეული, 120+30 სისტემით არჩევნები სჩატარების შესახებ). ამის მიზეზია ის, რომ მონაწილეებს არ გააჩნიათ შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი და არ ამოძრავებთ ჩვენი ეროვნული ინტერესები.
ყველაფერი იყიდება. არ იცვლებიან მოთამაშეები, არ იცვლება მათი ინტერესები, არ იცვლება გადაწყვეტილების მიღების მეთოდები და ახლა რატომ ველით განსხვავებულ შედეგებს? გამოგვიცხადებენ „გენიალურ“ გადაწყვეტილებას, რასაც მოჰყვება იგივე შედეგი. დროა, ჩვენ, ამ ქვეყნის მოსახლეობამ, ვინც არ ვიყიდებით, მოვითხოვოთ, რომ სრულფასოვნად ვიყოთ ჩართული ქვეყნის მართვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ვინაიდან გადაწყვეტილებების მიღების არსებული წესი ვერ ამართლებს, მოვითხოვოთ რეფერენდუმის ჩატარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე,” – აცხადებს ბიძინა გეგიძე.