სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია, სავაჭრო და ეკონომიკური შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის და ინსტიტუტების გაძლიერებას.
„დასრულდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ასევე მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რომლებიც განხილული იყო ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში, ასევე საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია, სავაჭრო და ეკონომიკური შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების. ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ინსტიტუტების გაძლიერებას. საბოლოო ჯამში, ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ საერთო ფასეულობებზე დამყარებული ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ფასეულობებზე, რომლებიც არის თავისუფლება, დემოკრატია და საერთო სტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლიც დროსაც გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს“, – განაცხადა გახარიამ.