თინა ბოკუჩავა: ოპოზიცია საკუთარ პოზიციაში ერთიანია – არჩევნების ამ ფორმით აღიარება არ შეიძლება

“ოპოზიცია საკუთარ პოზიციაში ერთიანია, რომ ამ არჩევნების ამ ფორმით აღიარება არ შეიძლება და დაუშვებელია, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო შედეგს მოლაპარაკების პროცესი განსაზღვრავს.

„ოპოზიცია ჩართულია „ქართული ოცნების“ წარმომდგენლებთან მოლაპარაკებებში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ფასილიტაციით. ამ მოლაპარაკების საბოლოო შედეგი განსაზღვრავს, როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება. ოპოზიციას ძალიან კარგად ესმის, რომ აშშ-ის და, ზოგადად, ჩვენი პარტნიორების სურვილი და მოლოდინი ნამდვილად არის, რომ ამ ქვეყანაში მუშაობდეს სამართლებრივი პროცესი, რომ ამ სამართლებრივ პროცესს რაიმე შედეგი მოჰქონდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ვიხილეთ, მათ შორის, მაშინ, როდესაც საოლქო კომისიებმა, პრაქტიკულად, უკუაგდეს ყველა საჩივარი და იგივე განმეორდა სასამართლოში. საქმე გვაქვს მიტაცებულ სახელმწიფოსთან, სადაც სამართლებრივი პროცესები არ ფუნქციონირებს. მოლაპარაკების საბოლოო შედეგი განსაზღვრავს იმას, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი. ოპოზიცია ერთიანია თავის პოზიციაში, რომ ამ არჩევნების ამ ფორმით აღიარება არ შეიძლება. ეს არის დაუშვებელი. ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევანი მოჰპარა. ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დამოკიდებულია სწორედ მოლაპარაკებების პროცესზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები