რატომ არ ანაზღაურებენ სადაზღვევო კომპანიები “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯებს?
სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული კოვიდინფიცირებული პაციენტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ, მიუხედავად 100%-იანი სადაზღვევო პაკეტის ფლობისა, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხა უჯდებათ დაზღვეულებს, კომპანიები არ ანაზღაურებენ არცერთ სამედიცინო ხარჯს, რომელიც აუცილებლად ესაჭიროებათ “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულ პაციენტებს.
,,კვირა” საქართველოში მოქმედ მსხვილ სადაზღვევო კომპანიებს დაუკავშირდა. ,,ირაოს” მარკეტინგის სამსახურის უფროსის, სალომე კეკუტიას ინფორმაციით,პაციენტები, რომლებსაც უფიქსირდებათ მაღალი ტემპერატურა, ვალდებულნი არიან, პირველ ყოვლისა, დაუკავშირდნენ “112”-ის ცხელ ხაზს. იქ მომუშავე ექიმები, პაციენტთა გამოკითხვის შედეგად, ინდივიდუალურად წყვეტენ, რა სახის მკურნალობა უნდა დაუნიშნონ კონკრეტულ პაციენტებს. იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, პაციენტი რჩება სახლში და ოჯახის ექიმის სატელეფონო კონსულტაციით იტარებს შესაბამის მკურნალობას. პაციენტი, რომელიც კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაშია დაზღვეული, უკავშირდება აგრეთვე ოჯახის ექიმსაც და მისგანაც იღებს შესაბამის კონსულტაციას. თუ ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდება, ის ხელმეორედ რეკავს “112”-ში და ითხოვს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. “112”-ის ექიმი წყვეტს, რომელ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ინფიცირებული. შესაბამის კლინიკებში კოვიდინფიცირებულთა მკურნალობა, ყველა აუცილებელი ანალიზით, მათ შორის, კოაგულოგრამით, რენტგენით, დიმერითა და სსა-გამოკვლევით, უფასოა. სადაზღვევო კომპანიები აცხადებენ, რომ კოვიდინფიცირებულთა მკურნალობას მართავს სახელმწიფო, სადაზღვევო კომპანიები ამ პროცესში ვერ ერთვებიან, რადგან კლინიკებში ინფიცირებულთა ვიზიტი საფრთხეს შეუქმნის სხვა პაციენტთა ჯანმრთელობას, რომლებიც ყოველდღიურად მკურნალობენ პოლიკლინიკებსა თუ სტაციონარებში.
,,წარმოიდგინეთ კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც საჭიროებს, მაგალითად, რენტგენის გადაღებას, მოვიდა ჩვენს კლინიკაში და დადგა რიგში, სადაც უამრავი არაინფიცირებული ადამიანი სხვადასხვა ჩივილითაა მოსული. რისკი იმისა, რომ ჯანმრთელი პაციენტები დაინფიცირდებიან, ძალზე დიდია. სახელმწიფო ცენტრალიზებულად მართავს ამ პროცესს და ინფიცირებულებს სპეციალურ კლინიკებში მიეწოდებათ ყველა ის აუცილებელი მომსახურება, რაც პროტოკოლითაა გაწერილი”, – განაცხადა სადაზღვევო კომპანია ,,ირაოს” მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, სალომე კეკუტიამ.
,,კვირა” კლინიკა ,,კურაციოს” დაუკავშირდა, რომლის ხარისხის მართვის სამსახურის ადმინისტრატორმა, ლიანა თავხელიძემ განგვიმარტა, რომ ,,კურაციო” ჩართულია საეჭვო პაციენტთა მართვის პროცესში. იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული პაციენტები რეკავენ კლინიკაში და აცხადებენ, რომ აქვთ ცხელება, ოჯახის ექიმის მიერ გამოიკითხებიან სპეციალური გაიდლაინის შესაბამისად. “კოვიდ 19”-ზე საეჭო პაციენტებს ამისამართებენ კვლავ “112”-ში, რათა მოხდეს მათი საერთო ბაზაში აღრიცხვა და შესაბამისი გადამოწმება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივ რესპირატორულ დაავადებაზე გაჩნდა ეჭვი, მასთან მიდის ოჯახის ექიმი და აძლევს შესაბამის დანიშნულებას.
,,კვირას” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ორშაბათიდან საქართველოში მოქმედ ყველა სადაზღვევო კომპანიას ახალ პროტოკოლს მიაწვდის, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი, როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები კოვიდ ინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში.