ნიკოლოზ სამხარაძე: არ შეიძლება, ქვეყნისა და რეგიონისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საპროტესტო აქციებით დახვდე

“არ შეიძლება, ქვეყნისა და რეგიონისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საპროტესტო აქციებით დახვდე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძეს იმედი აქვს, რომ მოიმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ პომპეოს ვიზიტისას აქციის ჩატარებას და საღი აზრი გაიმარჯვებს.

„პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენს რეგიონში ვითარება საკმაოდ გართულებულია და თუ დააკვირდებით იმ ქვეყნებს, სადაც ჩადის პომპეო ამ ტურნეს განმავლობაში, ეს არის აშშ-ის ყველაზე ძლიერი მოკავშირეები. ამ ჩამონათვალში საქართველოს მოხვედრა არის ძალიან ნიშანდობლივი. ეს არის კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ აშშ-ისგან. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ძლიერი პარტნიორია ამ რეგიონში. ამასთან, როგორც წესი, მაღალი თანამდებობის პირები საარჩევნო პერიოდში ქვეყნებში ვიზიტებით არ ჩადიან და ჩვენ აქ ვართ საარჩევნო პროცესში, პირველი ტური დასრულდა, წინ გვაქვს მეორე ტური. აქედან გამომდინარე, ეს არის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი სიგნალი აშშ-ისგან, რომ საქართველო არის მათი პარტნიორი. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ აქციებს მოაწყობენ, არ ვიცი ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მათი გადასაწყვეტია.

ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებაში ნამდვილად არ ჯდება ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოუწყო აქციები. თან რას აპროტესტებენ, გასაკვირია იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, სადამკვირვებლო მისიამ, მათ შორის, თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტმაც განაცხადა, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს იყო სამართლიანი, თავისუფალი და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული.

ვიცი, რომ ოპოზიციაში აზრები გაიყო და იმედი მაქვს, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ამ აქციის ჩატარებას, საბოლოოდ, მოიმატებს და საღი აზრი გაიმარჯვებს. არ შეიძლება, ქვეყნისა და რეგიონისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საპროტესტო აქციებით დახვდე. მე მგონი, ეს ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები