ნათია თურნავა: სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით
სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან ეფექტურად განახორციელა როგორც ანტიპანდემიური, ასევე სოციალური და ანტიკრიზისული ღონისძიებები, რამაც საშუალება მოგვცა, ერთი მხრივ, გვემართა ეპიდემია და მეორე მხრივ, დავხმარებოდით მოსახლეობას. ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა სტრუქტურული რეფორმებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამის შედეგია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით – 5,3 პროცენტი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი უახლოეს წლებში, რაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი იქნება,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეფასების თანახმად, გლობალურ პანდემიამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულმა მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, შეენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა. მისიამ დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელიც მთავრობამ გადადგა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის. „ღონისძიებებმა, როგორიცაა: სახელფასო სუბსიდიები, ფულადი ტრანსფერები შინამეურნეობებისთვის, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის, გაფართოებული სოციალური ტრანსფერები, დროებითი საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის, ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას,” – აღნიშნულია სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვერდში გვიდგას. სწორად ფონდთან პროგრამის შეუფერხებელი მიმდინარეობა იყო საწინდარი იმისა, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შევძელით საერთაშორისო დახმარების მობილიზება მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას. რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, სავალუტო ფონდი მოელის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს, კერძო სექტორის გაძლიერებას და ამის შედეგად გვექნება ეკონომიკური ზრდა,” – აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, სავალუტო ფონდმა 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონსერვატული საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრა.
„ეს გამოწვეულია გარე ფაქტორებით. პირველ რიგში, ესაა რეგიონალური კონფლიქტები და პანდემიის ეფექტი. თუმცა ფონდის შეფასებაში ისიც არის ნათქვამი, რომ რეგიონალური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და იმ დადებითი ინფორმაციის გავრცელების კვალობაზე, რაც შეეხება ვაქცინის ხელმისაწვდომობას, ეს პროგნოზიც შეიძლება შემდგომში გაუმჯობესდეს,” – განაცხადა მინისტრმა.