“სამართლიანი არჩევნები” ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
“სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ცესკო-ს შენობასთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“სამართლიანი არჩევნები” გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლის მცდელობისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას. სრულიად უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. გავრცელდა ასევე ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საგულისხმოა, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას აქცია საწყის ფაზაში იყო. იმდენად, რამდენადაც აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და კანონიერ ფარგლებს, არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი. ამის მიუხედავად, აქციის წინააღმდეგ სრულიად არაპროპორციული ძალისმიერი მეთოდები იქნა გამოყენებული ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყონ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეუფერხებლად განხორციელება”,- ნათქვამია განცხადებაში.