„უკვე 3 თვეა, სახლში არ ვყოფილვარ, პირველ ეტაპზე ვირუსზე არაფერი ვიცოდით, ძალიან გვეშინოდა“ – ქართველი ექთანი, რომელიც 24 საათის მანძილზე პაციენტებთან არის

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ექთანი, ცირა თაგვიაშვილი კორონავირუსის პირველ ეტაპზე, მისი გავრცელების საშიშროებასა და გადატანილ სტრესზე საუბრობს.
მისი თქმით, ვირუსის საწყის ეტაპზე ინფორმაციის ნაკლებობა იყო და შიში გაჩნდა.

„ჩვენი დილა იწყება პაცინეტების გადაბარებით, მათი დანიშნულებების გადაბარებით. განსაკუთრებით, საყურადღებოა პაციენტები, რომლებიც ასაკში არიან და ვისაც თან დართული ქრონიკული დაავადებები აქვთ.

თავიდან ექიმები შემოვლას აკეთებენ და ისინი გვაძლევენ მითითებებს, განსაკუთრებით – კვლევებსა და ანალიზებზე.

კოვიდინფიცირებულ პაცინტთან საუბარი პირველ ეტაპზე ძალიან რთული იყო. ვირუსზე არაფერი ვიცოდით, ძალიან გვეშინოდა. უბრალოდ, ვიცოდით, რომ ინფიცირების შანსი ძალიან დიდი იყო. პირველ ეტაპზე, შიშს ინფორმაციის ნაკლებობაც განაპირობებდა.

ყველაზე მეტად შეგვეშინდა მაშინ, როდესაც ვფიქრობდით, რომ ჩვენც დავინფიცირდებოდით და ჩვენს პაციენტებს ვერავინ მიხედავდა. ჩვენი გატესტვა ყოველ მეორე დღეს ხდება, მოლოდინები კი სანერვიულოა.
ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია უკვე 3 თვეა, არ მქონია. არ ვყოფილვარ სახლში, რადგან შემთხვევებმა მოიმატა და მეშინია ხშირი კონტაქტის“, – თქვა ცირა თაგვიაშვილმა.

ექთანმა პირბადის ხმარების წესზეც ისაუბრა და მოქალაქეებს მისი ხშირი გამოყენებისკენ მოუწოდა.

„უბრალოდ ბირბადის გაკეთება არ ნიშნავს ნიღბის ტარებას, მთავარია, სწორად გვქონდეს მორგებული. სხვა შემთხვევაში, ის არ გვიცავს არანაირად.

ადამიანები ნიღბის ტარებით არა მხოლოდ საკუთარ თავს იცავენ, არამედ – მათ გარშემო მყოფებსაც. არის შემთხვევები, როდესაც ისინი არ დარდობენ თავიანთ თავს, ფიქრობენ ოჯახის უფროს წევრებზე, მათზე ნერვიულობენ. ამიტომ, ჯობს, ყველამ ატაროს ნიღაბი“, – თქვა ექთანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები