ლარის ყოველი გაუფასურება მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიზნესსა და ეკონომიკას – BAG-ი ჩარევას ითხოვს

„სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება საგანგაშოა და საჭიროებს დროულ ჩარევას. ლარის გაცვლითი კურსი უკანასკნელი წლების განმავლობაში გახდა ჩვენი ქვეყნის ბიზნესისა და, შესაბამისად, ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი. ლარის ყოველი მომდევნო გაუფასურება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიზნესსა და ეკონომიკას“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ასოციაციაში განმარტავენ, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ ლარის კურსზე გავლენას ახდენს გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობა, მათ შორის, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, ძირითადად – სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურება, გართულებული ეპიდსიტუაცია, არჩევნების შემდგომ განვითარებული პოლიტიკური ვნებათაღელვა და, შესაბამისად, ნეგატიური მოლოდინები. თუმცა, ასოციასიაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია მეტი პროფესიული დისკუსია ყველა იმ მხარის ჩართულობით, ვისაც შეუძლია, საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანოს სავალუტო ბაზარზე სიტუაციის გაჯანსაღების საქმეში.

შესაბამისად, ასოციაცია მზადაა, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ერთად პროფესიულ და კვალიფიციურ დონეზე გააგრძელოს დიალოგი არსებული მდგომარეობის განსახილველად.

როგორც BAG-ში აცხადებენ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ასუსტებს ეკონომიკურ აქტივობას. ლარის დევალვაცია, განსაკუთრებით – განგრძობითი ხასიათის აფერხებს საინვესტიციო საქმიანობას და მცირდება მომავლის განჭვრეტადობის ხარისხი როგორც ადგილობრივი, ასევე – უცხოელი ინვესტორებისთვის. შესაბამისად, რთულდება რეალისტური ფინანსური გეგმების შედგენის შესაძლებლობა და მათი შემდგომი იმპლემენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები