ნათია თურნავა: 2019 წელს 33-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შანხაის იმპორტის ექსპოზე, რაც უპრეცედენტოდ მაღალია სხვა ანალოგიურ საერთაშორისო გამოფენებთან შედარებით

2019 წელს 33-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შანხაის იმპორტის ექსპოზე, რაც უპრეცედენტოდ მაღალია სხვა ანალოგიურ საერთაშორისო გამოფენებთან შედარებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოწვევით, შანხაის მიმდინარე ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს (CIIE) გახსნის ონლაინ ცერემონიაზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავა ამჟამად კოვიდ-ინფიცირების გამო, თვითიზოლაციაშია და დისტანციურად ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას.

შანხაის იმპორტის ექსპო წელს მესამედ ტარდება. 2018 – 2019 წლებში საქართველო სპეციალური პავილიონითა და რამდენიმე ათეული ქართული კომპანიის სტენდით იყო წარმოდგენილი. 2020 წელს ონლაინ-ღონისძიებას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

„მიმდინარე პანდემიის, კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური გამოწვევების ფონზე, შანხაიში იმპორტის ექსპოს ჩატარებას განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. შარშან, 2019 წელს 33-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შანხაის იმპორტის ექსპოზე, რაც უპრეცედენტოდ მაღალია სხვა ანალოგიურ საერთაშორისო გამოფენებთან შედარებით, სადაც საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ქართული კომპანიები მონაწილეობენ. ჩინეთის იმპორტის ექსპოზე ქართული კომპანიების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და რაც მთავარია, ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე,” – განაცხადა ნათია თურნავამ შანხაის ექსპოს მნიშვნელობაზე საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ მე-3 საერთაშორისო იმპორტის ექსპოს ოფიციალურ გახსნაში 40-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი მონაწილეობდა, როგორც სახელმწიფო მეთაურების, ასევე ვიცე-პრემიერებისა და მინისტრების დონეზე. ღონისძიების გახსნით ნაწილში, მაღალი დონის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა, რომელმაც გლობალური ეკონომიკის აღდგენის მნიშვნელობასა და ამ კუთხით ჩინეთის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

წლევანდელი ექსპოს მთავარი თემაა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების დაცვა და ეკონომიკების უფრო მეტი გახსნილობა. ღონისძიებაზე ერთხმად აღინიშნა, რომ ექსპო წარმოადგენს უმთავრეს პლატფორმას საერთაშორისო შესყიდვების, ინვესტიციების ხელშეწყობის, კულტურული გაცვლისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოს ინიციატივა პირველად გაჟღერდა 2017 წლის მაისში, პრეზიდენტ სი ძინ პინის მიერ, „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის” ფარგლებში. გამოფენა წარმოადგენს უპრეცედენტო მოცულობის საერთაშორისო იმპორტის ექსპოს და ჩინეთის მხარის თავდაპირველი პროგნოზით, მისი შედეგი უნდა იყოს 5 წლის მანძილზე 10 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციისა და მომსახურების იმპორტი ჩინეთში.

ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2019 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 12%-ით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 223.13 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უკვე 2020 წლის მიმდინარე მონაცემებით (9 თვე), ექსპორტი შეადგენს 355.34 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა 184% წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან) და ჩინეთი იკავებს პირველ ადგილს საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.8%-იანი წილით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები