ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის მორიგი ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ქვეყანაში დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა, ვინაიდან იგი, თავის მხრივ, აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და დასაქმების ბუნებრივი დონის უზრუნველსაყოფად.
„დეტალურად გავაანალიზეთ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები და აღვწერეთ ინფლაციისა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზები.
დაბალი ინფლაცია, თავის მხრივ, აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და დასაქმების ბუნებრივი დონის უზრუნველსაყოფად. ბოლო ათწლეულების მანძილზე უპრეცედენტოდ ძლიერი რეცესიისა და ჩაკეტვების ე.წ. ლოკდაუნების შედეგად, მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკამ მძლავრი დარტყმა მიიღო.
მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის წლიურად 12.3-პროცენტიანი ვარდნის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, კლებამ მესამე კვარტალში შედარებით ნაკლები – დაახლოებით 3.8 პროცენტი შეადგინა. თუმცა შოკიდან გამოსვლაზე საუბარი ჯერჯერობით რთულია.
ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, 2020 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ხუთი პროცენტით შემცირდება, ხოლო 2021 წელს აღდგენას დაიწყებს და დაახლოებით ხუთი პროცენტით გაიზრდება.
გასათვალისწინებელია, რომ გაურკვევლობა გლობალური მასშტაბითაც დიდია, რაც, პირველ რიგში, პანდემიის მოთოკვის ვადებთან არის დაკავშირებული. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დაზარალდა. მარტიდან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, ქვეყანაში უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლა თითქმის შეწყდა, რაც სავაჭრო ბალანსზე მკვეთრად უარყოფითად აისახა.
შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ბოლო წლების დინამიკა შეტრიალდა და 2020 წლის პირველ ნახევარში ამ მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის 10.3 პროცენტი შეადგინა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პირობებში მოსალოდნელზე უკეთესი შედეგებია საქონლის ექსპორტსა და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების კუთხით, ვიდრე ამას პანდემიის საწყის ეტაპზე ვაფასებდით.
ბუნებრივია, COVID-19-ისგან გამოწვეულმა მოვლენებმა გავლენა იქონია ინფლაციაზეც. ინფლაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მეტწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებასა და პანდემიის გამო გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვას უკავშირდება“, – აცხადებს გვენეტაძე.
მისივე თქმით, მეორე მხრივ, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს შენელებული ერთობლივი მოთხოვნა და ინფლაციის მომავალ დინამიკას ძირითადად სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განსაზღვრავს,
„როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს იქნება. ინფლაციის მომავალ დინამიკას ძირითადად სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განსაზღვრავს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გაითვალისწინა გაურკვევლობა, რომელიც ვირუსის გავრცელების დაჩქარებასა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან არის დაკავშირებული და განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე დატოვა.
არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა, ანუ ნორმალიზაცია, და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.
გასათვალისწინებელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის მომავალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ის ასახავს საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები პროგნოზში გათვალისწინებული სცენარით განვითარდება ან რაიმე ახალი ეგზოგენური შოკები არ მოხდება. შესაბამისად, თუკი საგარეო და შიდა ფაქტორები მოსალოდნელისგან განსხვავებული იქნება, ეს საპროგნოზო მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მომავალ გადაწყვეტილებებზეც მოახდენს გავლენას. ასევე შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში სამი პროცენტია.
საშუალოვადიანი პერიოდისთვის ხაზგასმას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შოკები მუდმივად ხდება და ინფლაციაც თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან: სხვადასხვა დროს ის შეიძლება იყოს მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ ან ქვემოთ, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებელისკენ იმოძრავებს.
აქვე, ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არ ნიშნავს ინფლაციის მაქსიმალურ დონეს ან ინფლაციის ლიმიტს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის სამი პროცენტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ, რომ ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში სამ პროცენტთან ახლოს იქნება – ზოგჯერ მის ზემოთ და ზოგჯერ მის ქვემოთ. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ფასების სტაბილურობა ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატიულ რეჟიმებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და მდგრადია.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და პროგნოზებსა და შეფასებებს მონეტარული პოლიტიკის განახლებული ანგარიშით წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.