ვახტანგ ძაბირაძე: არ ვფიქრობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ასეთ შედეგს ველოდი

ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და მიღებულ შედეგს ელოდა.

“მე არ ვფიქრობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ასეთ შედეგს ველოდი. ახლა მცირე იმედი შემომრჩა, რომ “ქართული ოცნება”­ ერთპარტიულად ვერ დააკომპლექტებს­ მთავრობას. თუ მაჟორიტარულ ოლქებში 16 მანდატს მიიღებს, დამოუკიდებლად შექმნის. ოპოზიციის ლიდერები ისევ აცდენილნი­ არიან რეალობას. საზოგადოებაში­ არ არის ის მუხტი, რომელიც მძლავრ საპროტესტო ტალღას ააგორებს. შესაბამისად, აღმოჩნდებიან მხოლოდ აქტივის იმედზე, ფართო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე. ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნან? ჩემს რჩევას თუ მიიღებენ, უკეთესი იქნება, იმ სამაჟორიტარო­ ოლქებს მიაქციონ ყურადღება, სადაც გამარჯვების პერსპექტივა აქვთ. ძალიან რთული ვითარება იქნება მაჟორიტარულ ოლქებში, რადგან, ძირითადად, “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” კანდიდატები გაიმარჯვებენ და მიკროოლქებში ისეთივე ვითარება იქნება, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. არ იქნება სწორი, თუ ოპოზიცია ხმებს ჯამურად, ერთი კალათისკენ წაიღებს, შესაძლოა, ოპოზიციური ელიტა შეთანხმდეს რაიმეზე, მაგრამ ოპოზიციურ ამომრჩეველს ვერ გააერთიანებენ. “ლელოს”, ელისაშვილისა და “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველი ოპოზიციის საერთო კანდიდატს, თუ, მაგალითად, ის “ნაცი­ონალი” იქნება, ხმას არ მისცემს.

როცა არჩევნების შედეგები ცნობილია,­ გამარჯვებულ პარტიას ყოველთვის აქვს ფორა.
მოსალოდნელი იყო, რომ თბილისში თითქმის ყველა უბანში მეორე ტური ჩატარდებოდა. მგონი, მეორე ტურებში ოპოზიციური პარტიებიდან ელენე ­ხოშტარია და ალეკო ელისაშვილი გავლენ. ქუთაისში ვაშაძის წარმატებაც ლოგიკური იყო. ეს არჩევნები არ იყო ისეთი რთული და ჩახლართული, რომ მისი წაკითხვა შეუძლებელი ყოფილიყო. კი, იყო დარღვევები,­ შეხლა-შემოხლა. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ოპოზიციურ ფლანგზე არ აღმოჩნდა ლიდერი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს კი არა, მთლიანად ოპოზიციურ ელექტორატს გააერთიანებდა. ამ შესაძლებლობის მქონე პოლიტიკური ძალა რომ გამოჩენილიყო, “ქართული ოცნების” დამარცხება გარდაუვალი იქნებოდა. ამიტომ, ხალხმა “შეჩვეული ჭირის” პრინციპით იმოქმედა.
იცით, რატომ ვამბობ, რომ საპროტესტო ტალღა არ აგორდება? ხალხს არა აქვს განწყობა, რომ ოღონდ “ოცნება”­ მოგვშორდეს და ვინც გინდა, იყოსო. 60%-ზე მეტს არ მოსწონს “ქართული ოცნება”, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავს…”, – აცხადებს ძაბირაძე.

კითხვაზე – “გასაგებია, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას ხალხი მიზეზთა გამო აღარ ენდობა, მაგრამ ახალმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა რატომ ვერ მოახერხეს ნდობის მოპოვება?” – პასუხობს: “ძველი პარტიებისგან განმასხვავებელი მათაც ვერაფერი შესთავაზეს ხალხს, უფრო სწორად, ვერ მოასწრეს. “ლელო”, ელისაშვილის პარტია, “სტრატეგია აღმაშენებელი” და სხვებიც ძალიან გვიან გამოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. თითოეულ მათგანს ჰქონდა რაღაც ხარვეზი, თუნდაც პიარში, “ოცნებამ” კი ეს კარგად გამოიყენა. რამდენიც უნდა ილაპარაკონ “ლელოს” ლიდერებმა, ბანკირები არა ვართ, ან ბანკირი და მევახშე სხვადასხვა რამეაო, არაფერი გამოვა. ხალხს, რომელიც ბანკში მაღალ პროცენტს იხდის, შენი თეორიები სულ არ აინტერესებს. გიორგი ვაშაძემ რამდენიც უნდა იძახოს, სრულიად დამოუკიდებელი ვარო, ხალხს მაინც არ სჯერა, რომ მეუღლის ბიძასთან, ვანო ჩხარტიშვილთან კავშირი არა აქვს. ალეკო ელისაშვილიც ახლახან შემოვიდა პოლიტიკაში, ფაქტობრივად, ერთი კაცია, მის გუნდს არავინ იცნობს. ხელისუფლება რომ არ ვარგა, ყველამ ვიცით, შენ რას მპირდები, რას გააკეთებ, ეს უნდა მითხრა და იმაშიც დამარწმუნო, რომ არ მატყუებ. კიდევ ერთი მომენტია – კი ვამბობთ, აღარ გვინდა ქარიზმატული ლიდერიო, მაგრამ სინამდვილეში გვინდა. ყველა ქვეყანას ჰყავს ლიდერი. ჩვენთან კი ვერც ერთი ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად”.

მისივე თქმით, თუ ახლა ოპოზიციამ რაიმე “ბრძნული” გადაწყვეტილება არ მიიღო, ახალ პოლიტიკურ ძალებს მართლაც ეძლევათ შესაძლებლობა, უფრო სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდნენ.

“თუ ახლა ოპოზიციამ რაიმე “ბრძნული” გადაწყვეტილება არ მიიღო, ახალ პოლიტიკურ ძალებს მართლაც ეძლევათ შესაძლებლობა, უფრო სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდნენ.
“ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნებით ძალაუფლება კი შეინარჩუნა, მაგრამ არა მგონია, დღეს არსებულ პრობლემებთან გამკლავების რესურსი ჰქონდეს. ახლა არაორდინარული და სწრაფი გადაწყვეტილებებია საჭირო როგორც პოლიტიკური, ისე – სოციალური და ეკონომიკური. საშინაო თუ საგარეო ასპექტები, ყველაფერი ერთად არის გასათვალისწინებელი. ჩვენ ისიც არ ვიცით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი რამდენ ხანს გასტანს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძალიან არ მინდა, მაგრამ უნდა ვთქვა – მომავალი 4 წელი მშვიდი ნამდვილად არ იქნება. ხალხის საპროტესტო მუხტი აუცილებლად გაიზრდება.

რევოლუციის რა გითხრათ, მაგრამ მოსახლეობის საპროტესტო ტალღა რომ ძალიან გაიზრდება და ხალხი ქუჩაში გამოვა, ცხადია.

თუ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ისევ ძველ წრეზე მოგვიწევს სიარული, მაგრამ თუ ოპოზიცია მოახერხებს ვითარების მართვას, გამოსავალი მოინახება. იმის რისკიც არის, რომ არცთუ ძლიერმა ოპოზიციამ სულ გაინულოს თავისი რეიტინგი და “ქართული ოცნება” 2024-მდე კი არა, 2030 წლამდე დარჩება ხელისუფლებაში, რაც დიდი კატასტროფა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ძაბირაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები