გიორგი გახარია: შეინიშნება ფრთხილი პოზიტიური ნიშნები გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდაში

დღეს ჩვენ გვქონდა საბჭოს სხდომა, რომელმაც იმსჯელა მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ახალი ქეისების მორიგი ანტირეკორდია, აღმოჩენილია 546 ათასი ახალი ქეისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, უკვე 8 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა ინფიცირებულების რაოდენობით.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს ევროპაში კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგ შემთხვევაში „ლოკდაუნებიც”. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ, უკვე 8 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა ინფიცირებულების რაოდენობით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზრდის გამოწვევებს, როგორც გლობალურს, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშეც”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ჩვენც საკმაოდ მაღალი ციფრები გვაქვს ინფიცირებულების, ახალი ქეისების, თუმცა ამ ბოლო დროს, ჩვენთან შეინიშნება საკმაოდ ფრთხილი პოზიტიური ნიშნები.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენც საკმაოდ მაღალი ციფრები გვაქვს ინფიცირებულების, ახალი ქეისების, თუმცა ამ ბოლო დროს, ჩვენთან შეინიშნება საკმაოდ ფრთხილი პოზიტიური ნიშნები, რომელიც მდგომარეობს, პირველი, ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდაში და მეორე, გათანაბრებულ, დასტაბილურებულ ინფიცირების ახალ შემთხვევებში, იმის გათვალისწინებით, რომ ტესტირების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება, მაგალითად გუშინ იყო გაკეთებული 11 000 ტესტი, გუშინწინ იყო 9 000 ტესტი. ჩვენ ყოველდღიურად ვმერყეობთ 8-დან 11 ათას ტესტს შორის. ეს არ არის ვინმეს დამსახურება, ეს არ არის მთავრობის, ან ცალკე აღებული სამინისტროს დამსახურება, ეს ყველას, ჩვენი საერთო დამსახურებაა”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეებმა უფრო ხშირად დაიწყეს პირბადის ტარება და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

„პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია პირბადის ტარებასა და ინფექციის გავრცელების სისწრაფეს შორის. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვატაროთ პირბადე, როგორც დახურულ შენობაში, ასევე ღია სივრცეში. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობის წინაშე და ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები