70 წელს მიტანებული პროფესორი, რომელიც სისტემამ 10 წლით დააპატიმრა და ციხეში გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს. საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი გახლდათ გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი, ქართველი ფილოლოგი, პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დამაარსებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ა.შ.


დაიბადა 1870 წლის 12 მარტს პეტერბურგში. მამამისი, თავადი ფილიმონ წერეთელი განთქმული იურისტი და ქველმოქმედი იყო, ხოლო დედა — ანა ლუჩაკი ცნობილი ფილოლოგი. სწავლობდა პეტერბურგის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1888 წელს დაამთავრა. ამავე წელს გააგრძელა სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და დაამთავრა 1893 წელს.

1897 წლიდან იგი მუშაობდა მიუნხენის, ვენის, პარიზის, ლონდონის, რომის, ფლორენციის, ვენეციის, ნეაპოლის მუზეუმებში, ათენის მონასტრების წიგნთსაცავებში. პეტერბურგში დაბრუნდა 1902 წელს და დაიწყო მუშაობა უნივერსიტეტში პრივატდოცენტად, იქვე 1904 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია.

გრიგოლ წერეთელმა დორპატის/იურიევის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „მენანდრეს ახალი კომედიები“, მცირე ხანში იგი აირჩიეს ამავე უნივერსიტეტის პროფესორად. 1914 წელს პროფესორი გრიგოლ წერეთელი აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგედ, სადაც 1920 წლამდე მუშაობდა. 1917 წელს გახდა რუსეთის აკადემიის წევრ-კორესპოდენტი.

მიუხედავად წარმატებული კარიერისა, მან დატოვა პეტერბურგი, დათანხმდა ივანე ჯავახიშვილის წინადადებას და ჩამოვიდა საქართველოში. 1920-1938 წლებში ის ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრას და უნივერსიტეტის ფუნდამენტალურ ბიბლიოთეკას (აქვე მუშაობდა მისი მეუღღლე, სოფიო მაქსიმოვა), იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ კონსულტანტი და ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომელი.

1918–1920 წლებში იყო ბერლინის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, გერმანიის პაპიროლოგთა სამეცნიერო საზოგადოებისა (1918წ.) და ბერლინის არქეოლოგიის ინსტიტუტის (1927წ.) საპატიო წევრი. 1924 წლის ივნისში გრიგოლ წერეთელი ნეაპოლის უნივერსიტეტის 700 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიიწვიეს. გარდა ამისა, თბილისის უნივერსიტეტის მივლინებით, ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩადიოდა იქაურ ცენტრებთან კავშირების დასამყარებლად. გრიგოლ წერეთელი არის კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დამაარსებელი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.

1931 წელს გრიგოლ წერეთელი დააპატიმრეს და გაათავისუფლეს რამდენიმე თვეში, 1938 წლის 24 მაისს იგი კვლავ დააპატიმრეს. იგი გაასამართლეს მუხლებით 58-10 (პროპაგანდა ან აგიტაცია, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდება), 58-11 (ორგანიზებული მოქმედება ხელისუფლების დასამხობად). 70 წელს მიტანებულ პროფესორს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გრიგოლ წერეთელი თბილისის ციხეში, 1939 წლის 20 სექტემბერს გარდაიცვალა… უცნობია გარდაცვალების მიზეზი. გრიგოლ წერეთლის საფლავი არ არსებობს.

სსრკ უზენაესი სასამართლოს 1957 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გრიგოლ წერეთლის საქმე შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო და იგი რეაბილიტირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები