თბილისში მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) მე-11 კონფერენცია გაიმართა

თბილისში, 16–21 ნოემბერს, მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) მე-11 საერთაშორისო კონფერენცია „აბრეშუმთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის გამოყენება კულტურული, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ტურისტული მიზნებისთვის“ (CULTUSERI 2025) გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდა 13 ქვეყნის წარმომადგენელი მათ შორის, ბულგარეთის, იტალიის, ჩინეთის, იაპონიის და სხვა ქვეყნების მეაბრეშუმეები.

კონფერენციაზე მონაწილეებმა წარადგინეს უახლესი კვლევების შედეგები და პრაქტიკული გამოცდილება აბრეშუმის წარმოების, სელექციის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტრადიციული ცოდნის თანამედროვე გამოყენების მიმართულებით.

კონფერენციაზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის უფროსმა ნარგიზ ბარამიძემ წარადგინა მოხსენება „აბრეშუმის ჭიის გენოფონდი და მისი მნიშვნელობა ქართული აბრეშუმის აღორძინებაში“, სადაც განხილული იყო თუთის აბრეშუმხვევიას ქართული გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მნიშვნელობა, ჯიშთა მრავალფეროვნება და მათი გამოყენების პერსპექტივები.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე არსებული მეაბრეშუმეობის ლაბორატორია, სადაც ადგილზე გაეცნენ მიმდინარე კვლევებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს.

ლაბორატორია ემსახურება თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნებას, ახალი ჯიშების გამოყვანას, სასელექციო პროგრამების განხორციელებას და თუთის ნარგაობის მოვლას, ასევე, მეაბრეშუმეობის დარგში ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავებას და ტრადიციული ცოდნის პრაქტიკაში აქტუალური გამოყენებას. გენოფონდში დაცულია უძველესი ხალხური ჯიშები და მეცნიერული სელექციის შედეგად მიღებული ჯიშები, რომლებიც დღემდე უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის ქართულ აბრეშუმს.

აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთვის, რაც ხელს უწყობს აბრეშუმის სფეროს მდგრად განვითარებას გლობალურ დონეზე.

ღონისძიება Horizon Europe-ის ARACNE პროექტთან თანამშრომლობით და საქართველოს სახელმწიფო აბრეშუმის მუზეუმის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები