იქნებ ფილანტროპიაში მაგალითი თანამედროვე ბერძნებისგან აგვეღო?!

მართალია, ათენის მთავარ ღირსშესანიშნაობას ანტიკური ხანის არტეფაქტები და არქეოლოგური მასალა წარმოადგენს, მაგრამ ეს მარადიული ქალაქი მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების გასაცნობად არანაკლებ მიმზიდველი ადგილია. აქ რამდენიმე კერძო ფონდი არსებობს, რომელიც ფოკუსირებულია ახალ არტზე და მათი გაცნობის შესაძლებლობას აძლევს როგორც ადგილობრივ მკვიდრთ, ასევე ათენის სტუმრებს.
არისტოტელე ონასისის, სტავროს ნიარჩოსის, ანტონის ბენაკის, ნიკოლას, ბასილ და ანგელოს გოულანდრისების და სხვა ცნობილ ფილანტროპთა ფონდების წყალობით ათენს საუკეთესო გალერეები და მუზეუმები გააჩნია.
მათში ეს ჩვეულება მყარად არის ფეხმოკიდებული და დღესაც არაერთ ქველმოქმედს შეხვდებით, რომლებიც ათენის კულტურული სცენის სულ უფრო გამდიდრებაზე ზრუნავენ.
აქ მინდა შევეხო ათენის ერთ ახალ გალერეას, რომელიც პანგრატის უბანში შარშან, ოქტომბერში, გაიხსნა. იგი გახლავთ ბასილ და ელიზე გოულანდრისების ფონდის საკუთრება, უმაღლესი სტანდარტების გალერეა, რომელიც თავისი კოლექციითა და საექსპოზიციო გარემოს დიზაინით ალბათ საუკეთესოა მსოფლიოში და თუკი ათენში მოხვდებით, აუცილებლად სანახავ ადგილთა სიაში უნდა შეიტანოთ.
ეს არის ათენის ნამდვილი სამკაული. შედევრების საუფლო სასახლე. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის უცნობილეს მხატვართა უძლიერესი ნიმუშებით. ცნობილ მილიარდერთა წყვილი ათწლეულების განმავლობაში აგროვებდა კოლექციას, ისინი უშუალოდ მხატვრებისგან და მათი მემკვიდრეებისგან იძენდნენ ამ ნამუშევრებს და ამიტომ არის, რომ თითქმის არცერთი მათგანი ფართო საზოგადოებას შარშანდლამდე არ უხილავს.
აქ ნახავთ – ელ გრეკოს, ვან გოგის, სეზანის, გოგენის, მონეს, დეგას, პისაროს, ტულუზ–ლოტრეკის, პიერ ბონარის, როდენის, მოდილიანის, დე ჩირიკოს, პიკასოს, ბრაქის, მატისის, დერენის, მარკ ერნსტის, ჰანს არპის, შაგალის, ჯეკსონ პოლაკის, ხუან მიროს, ვასილი კანდიდინსკის, ალბერტო ჯაკომეტის, ფრენსის ბეკონის, როი ლიხტენშტეინის, ბალთუსის, ანსელმ კიფერის, ასევე მეოცე საუკუნის ბერძენი მხატვრების: ჰაჯიკირიაკოს – გჰიკას, მორალისის, პართენისის, ტეტსის, ფასიანოსის, კარელას, რორისის, სოროგასის, ვარის და სხვათა რჩეულ ნამუშევრებს.
ბასილ და ელიზე გოულანდრისებმა სამი მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია დაუტოვეს ათენს და ასევე კუნძულ ანდროს თანამედროვე არტის მუზეუმს. მათ შვილი არ ჰყოლიათ და მთელი თავისი ქონება ერს გადასცეს სახსოვრად. აღნიშნული ფონდის პრეზიდენტია ელიზეს ძმისშვილი ფლეურეტე კარადონტისი, რომელმაც მამიდის და ბიძის გარდაცვალების შემდეგ სისრულეში მოიყვანა მათი სანუკვარი სურვილი.
ვფიქრობ, თბილისს ძალიან სჭირდება ბერძენ ფილანტროპისტთა მსგავსი ნაბიჯები.
დასანანია, რომ ჩვენს საამაყო დედაქალაქს დღემდე არ გააჩნია მსოფლიო რანგის მხატვრების კოლექციით წარმოდგენილი თანამედროვე ხელოვნების გალერეა, რომელიც ჩვენთან წვეულ სტუმარს მისი მონახულების ინტერესს აღუძრავს.
იმდენი არა, რამდენიც ბერძნებს, მაგრამ ჩვენც გვყავს მილიარდერები და მილიონერები, თუმცა, არცერთ მათგანს დღემდე არ უზრუნია ამ ხარვეზის შევსებაზე. არადა, ასეთი გალერეა რამდენად მიმზიდველსა და საოცნებოს გახდის საქართველოს ტურისტებისთვის?!
ჩვენს ახალ თაობას განა ნაკლებად წაადგება უშუალო კონტაქტის ქონა მაღალ ხელოვნებასთან?!
მინდა მჯეროდეს, რომ აწი მაინც გამოჩნდება ახალი თაობის ფილანტროპებში ვინმე, რომელიც სწორად შეაფასებს და განჭვრეტს, თუ რამხელა სიკეთის მოტანა შეუძლია ამგვარ კულტურულ სივრცეს თბილისში.

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები