დავით მაღრაძე: “ნაცმოძრაობა” ის ძალაა, რომელმაც წაგებული ომი იზეიმა და ხალხიც აზეიმა

“ეს ის ძალაა, რომელმაც ომი წააგო, იზეიმა მოგება და გამარჯვება და ხალხი აზეიმა. ლტოლვილები გეტოში, მზის გულზე ჩაასახლა და იქ იცეკვა, აი, ეს ის ძალაა. ამისგან რა გასაკვირია გარეჯის გასხვისება? “, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ „იმედთან“ დავით გარეჯზე საუბრისას განაცხდა.

„საიდანაც დაიწყო ქართული სამონასტრო ცხოვრება, საიდანაც დაიწყო ქართული საბერმონაზნო ისტორია, უცბად, აღმოჩნდა, რომ ის აღარ არის საქართველოს ტერიტორიაზე, აღარ იკითხება საქართველოს ტერიტორიაზე და აღშფოთებული ეს ძალა ისევ იგივეს აგრძელებს – აღშფოთებულია იმაზე, რომ „როგორ გაბედეთ, როგორ მიაკვლიეთ თქვენ ამ რუკებს, რომლებიც ჩვენ საგულდაგულოდ დავმალეთ“. აი, ამაზეა აღშფოთებული და არა იმაზე, რომ გარეჯი აღარ იკითხება საქართველოს ტერიტორიაზე.
ეს ის ძალაა, რომელმაც დამოუკიდებელი ტელეარხი დალეწა. თავზე გადაამტვრია ჟურნალისტებს კამერები, ჩამწერები და მიკროფონები – „იმედს“ ვგულისხმობ; ეს ის ძალაა, რომელიც სანდრო გირგვლიანის მხეცური მკვლელობის მერე შინაგან საქმეთა მინისტრს ფეხზე აუდგა პარლამენტში, აი, ამ ძალის ელიტა და ტაშის ცემით მიეგება ამ მხეცური მკვლელობის ავტორსა და შემოქმედს, და სულისჩამდგმელს და მერე მკვლელობის დამმალავს; ეს ის ძალაა, რომელმაც ომი წააგო და იზეიმა მოგება და გამარჯვება და ხალხი აზეიმა. ლტოლვილები გეტოში, მზის გულზე ჩაასახლა და იქ იცეკვა, აი, ეს ის ძალაა. ამისგან რა გასაკვირია გარეჯის გასხვისება? მოულოდნელი ამბავი იყო, რა თქმა უნდა და არის მოულოდნელი და თავზარდამცემი ამბავი. მაგრამ თავზარდამცემი არის ჩვენთვის და არა იმ ხალხისთვის, ვინც ამ ჩამონათვლის სულისჩამდგმელი, ავტორი და მესაძირკვლეა. მათთვის ძეგლი არის ერთი ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ელიან. ეს ადამიანია მათთვის ძეგლიც, გარეჯიც, სვეტიცხოველიც, ალავერდიც და გელათიც. დანარჩენ ძეგლებს ისინი არ ცნობენ. ისინი საქართველოს სულიერ საყრდენებს არ აღიარებენ“, – განაცხადა მაღრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები