თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სენაკში უკვე დასრულებულია მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიისა და საცხოვრებელი კორპუსების პერიმეტრის შემოღობვა, ასევე, ყაზარმების ფასადებისა და სახურავების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.
ამ ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რემონტდება 6 ყაზარმა, რაც გულისხმობს ახალი საპირფარეშოების, საშხაპეების, პირსაბანების და სამრეცხაოების მოწყობასა და სრულად აღჭურვას, ასევე კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მოწყობას, ოთახებში იატაკების, კედლებისა და ჭერის განახლებას, განათებისა და კავშირგაბმულობის სისტემების, კანალიზაციისა და სხვა საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას და ფასადების რემონტს. ამავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრიგადის შტაბის შენობის სარემონტო სამუშაოები და 2 სტადიონის მოწყობა.
მინისტრის თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები თავდაცვის ძალებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე წლის ბოლომდე დასრულდება და სამხედროები სამსახურს ნატოს სტანდარტების თანამედროვე გარემოში განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები