“ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს და მეტიც ყველაფერს აკეთებს ამისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ მიუღწევადია, ვერ მიაღწევენ ამას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოთში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რა კომენტარს გააკეთებდა ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალა.
მისივე თქმით, ამ კითხვაზე მარტივი პასუხია – “საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის ინსტიტუტების გაძლიერება და არა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები დაანგრიონ, ის ინსტიტუტები, რომლებიც მოქალაქეებზე ზრუნავენ”.
„მარტივი პასუხია თქვენს კითხვაზე – სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც საერთოა, დღეს, როდესაც გლობალური პანდემიაა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უბრალოდ ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენონ ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. პარალელურად, იგივე დარტყმებს დღეს აყენებენ პოლიციას, პარალელურად, იგივე დარტყმებს აყენებენ ჯარს. თქვენ რა გგონიათ, ექიმები არ ცდებიან? თუ ფიქრობთ რომ პოლიცია შეუცდომელია? ფიქრობთ რომ მე ვარ შეუცდომელი? ან იქნებ თქვენ ხართ შეუცდომელი? ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ამ ქვეყნის ინსტიტუტების გაძლიერება და არა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები დავანგრიოთ, ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ექიმები, პოლიციელები, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ იდგნენ და ჩვენს მოქალაქეებს სიცხეს უზომავდნენ, ინფიცირებული მოქალაქეების კავშირებს ადგენდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეპიდემიის გავრცელება მაქსიმალურად შეგვემცირებინა, ეს პოლიციელები დღეს, იმიტომ რომ 3 დღეში არჩევნებია არიან უბრალოდ ამორალური დარტყმების ქვეშ. მეტსაც გეტყვით – შეუძლებელია, ამომრჩეველმა არ დაინახოს ამის რეალური მოტივი რა არის. ამას ყველა კარგად ხედავს, რადგან ეს ის პოლიციაა, ეს ის ექიმები და სამხედროები არიან, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩევლებს იცავენ და ერთი რამე იცოდეთ, ხალხი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. ბევრს დავდივარ მე რეგიონებში და მარტივია, იცით როგორ აშკარად ჩანს? დღეს, მაგალითად მთავრობა და ხელისუფლება ყველაზე მეტად არის დაინტერესებული იმაში, რომ მძიმე დამნაშავე, რომელმაც მძევლები აიყვანა, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაკავებული. ჩვენი მოქალაქეების ინტერესიც იგივეა, ოპოზიციის ინტერესი ეს არ არის. ოპოზიცია დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს ეს პროცესი, ზოგიერთი ტელევიზია ხელსაც უშლის ამ პროცესს, იმიტომ რომ არჩევნებამდე საჭორაო საგანი იყოს. ზუსტად იგივეა ეპიდემიოლოგიურად. როგორ შეიძლება არსებობდნენ ადამიანები ქვეყანაში, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავენ სახეზე, გამომეტყველებაზე, როდესაც ხედავენ ჩვენი მოქალაქეების ინფიცირების რაოდენობის ზრდას, ან ადამიანები, რომლებიც ხან ტესტების რაოდენობას იყენებენ საკრიტიკოდ ხან კიდევ საერთოდ გაუგებარ რაღაცებს. მესმის მეგობრებო, რომ სულ 3-4 დღეში იქნება არჩევნები. უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ, თან დამაჯერებლად იმარჯვებს „ქართული ოცნება”, შესაბამისად, არ გადააყოლოთ ამ არჩევნებში დამარცხებას თქვენი მომავალი, იცოდეთ, რომ მოსახლეობა და მოქალაქეები ყველაფერს ხედავენ და ამას საბოლოო ჯამში შეფასება ექნება უკიდურესად მკაცრი, დარწმუნებული ვარ ამაში,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.