თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით ინფიცირებულების მომსახურებაში შეფერხებებია, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და არ არის ძალიან დრამატული
თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მომსახურებაში შეფერხებები არის, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და არ არის ძალიან დრამატული.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” განაცხადა, ეს გამოიხატება იმაში, რომ ზოგჯერ დაგვიანებით მიეწოდება ტესტების პასუხები მოქალაქეებს, ზოგჯერ გვიანდება მათი კონტაქტი ექიმთან, ან თუნდაც სასწრაფო დახმარების სამსახურთან.
„არის თუ არა შეფერხებები ჩვენთან პაციენტების მომსახურებაში? შეფერხებები უეჭველად არის. ეს ეხება იმას, რომ ზოგჯერ დაგვიანებით მიეწოდება ტესტების პასუხები მოქალაქეებს, ზოგჯერ გვიანდება მათი კონტაქტი ექიმთან ან თუნდაც სასწრაფო დახმარების სამსახურთან, მათ შორის ზოგჯერ ტელეფონით. ზოგჯერ, მათ უწევთ ლოდინი ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ მოდით, შევადაროთ სხვა ქვეყნებს. ჩვენთან ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და არ არის ძალიან დრამატული. დრამატული იყო ჩვენთან სულ 2-3 კვირის მანძილზე, აჭარაში, როცა სექტემბრის შუა რიცხვებში ხარვეზი და ჩავარდნა იყო. ახლა პასუხების დაგვიანება არ აღემატება ერთ-ორ დღეს. ექიმთან კონტაქტის დაგვიანება არ აღემატება რამდენიმე საათს, ჰოსპიტალიზაცია ხდება იმავე, ან მაქსიმუმ მეორე დღეს. თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, რა ხდებოდა იქ, პასუხები იგვიანებდა არა ერთი დღით, არამედ რამდენიმე დღით, ზოგჯერ რამდენიმე კვირითაც.
და ბოლოს, რა გზით ვიაროთ? ორი გზა გვაქვს, რომ წავიდეთ. ერთი- დავუბრუნდეთ ჩაკეტვებს, კარანტინს და იმ ღონისძიებებს, რომელიც ერთხელ უკვე გამოვცადეთ გაზაფხულზე და რომელსაც ქვეყნების უმრავლესობა განიხილავს. მათ ნაწილობრივი „ლოკდაუნები“უკვე შემოიღეს. ჩვენი მთავრობა ჯერჯერობთ ამაზე უარს ამბობს და მეორე – უარი ვთქვათ „ლოკდაუნზე“, ამით შეგნებულად წავიდეთ გაზრდილ რაოდენობაზე, რადგან „ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია. მართალია, ინტენსიური ღონისძიებები და წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ მაინც ძნელია „ლოკდაუნის“ გარეშე ინფიცირების ამ დიდი რაოდენობის მოკლე დროში შემცირება. მთელი დარტყმა თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ, კლინიკურმა სექტორმა. ეს გაზრდილი რაოდენობა ისე უნდა ვმართოთ, მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი, თუნდაც იმ დოზით, რომლიც თუნდაც დღეს ექმნება დაგვიანებების სახით, რომ სიკვდილიანობა ძალიან დაბალი იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.