მიხეილ დაუშვილი: ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება მეწარმეობის ხელშეწყობა

ჩვენი საუბრის თემა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ბიზნესგარემოზე ზრუნვა და საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა, ვინაიდან ძლიერი ბიზნესი ძლიერი ეკონომიკის და დასაქმების ზრდის აუცილებელი პირობაა,-ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მიზნად ისახავს, რომ მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწარმეობაში , ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მოქმედი მეწარმეები არიან, საქართველო იქცეს შესაძლებლობების სივრცედ და შესაძლებლობების ეკონომიკად.

მისივე თქმით, დღეისათვის კომერციული დავების განხილვის სისწრაფე და ხარისხი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

„ჩვენ ხელს შევუწყობთ კომერციული დავების განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს – არბიტრაჟს, მედიაციას და ამის შედეგი იქნება ის, რომ ჩვენს კერძო სექტორს საშუალება ექნება და კომპანიები შეძლებენ თავიანთი დავები და კომერციული საკითხები გადაწყვიტონ სწრაფად და ეფექტიანად,“- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისივე თქმით, ცხადია, გლობალური კონკურენტუნარიანობის პირობებში, საქართველოს უპირატესობა უნდა იყოს აუცილებლად სისწრაფე და ეფექტიანი ადმინისტრირება, ეფექტიანი ბიუროკრატია და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.

„შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ახალი რეგულაციების შემოღებაში კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული კერძო სექტორი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კერძო სექტორის გამოწვევები იმისათვის, რომ მათ არ შევუქმნათ დისკომფორტი თავიანთი საქმის კეთებაში და თითოეული რეგულაციის შემოღება დაეფუძნოს სიღრმისეულ ანალიზს თუ რა გავლენა ექნება ამა თუ იმ ახალ რეგულაციას ბიზნესის კეთებაზე.

ამ კუთხით შეგვიძლია გითხრათ, რომ რეგულირების შეფასების ზეგავლენის მექანიზმი გაფართოვდება და შეეხება ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიზნესის კეთებასთან. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება მეწარმეობის ხელშეწყობა. ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, როდესაც ბიზნეს გარემოზე ვსაუბრობთ, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური პანდემიის პირობებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ ძალიან მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტები მიიღო ეკონომიკურად და ბიზნესის კეთების კუთხით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წელს, რამდენიმე და არაერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შევთავაზეთ კერძო სექტორს იმისათვის, რომ სწრაფად დაეძლიათ პანდემიის ნეგატიური შედეგები, თუმცა ასევე ვაცნობიერებთ, რომ პანდემია არსად არ წასულა და ჩვენ გვჭირდება ვმართოთ კოვიდი ეფექტურად და ასევე შევიმუშავებთ იმ მხარდამჭერ ინსტრუმენტებს ბიზნესისთვის, ყველაზე დაზარალებული სექტორებისთვის, რათა მათ დროულად შეძლონ აღდგენა და შექმნან მეტი სამუშაო ადგილი ჩვენს ეკონომიკაში,“- განაცხადა მან.

მისივე თქმით, დიდი აქცენტი გაკეთდება მეწარმეობის მხარდაჭერაზე და ხელშეწყობაზე.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით ჩვენი შემდეგი წლის გეგმები ძალიან ამბიციურია და ვგეგმავთ, რომ კონკრეტული ინსტრუმენტების განხორციელების შედეგად, როგორიც არის პროგრამის გავრცელება 200-ზე მეტ ეკონომიკური საქმიანობის სფეროზე, ამასთანავე მიკროგრანტების პროგრამის ამოქმედება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ “აწარმოე საქართველოს” პროგრამის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკაში განხორციელდება ორ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია და ამასთანაცე შეიქმნება სულ მცირე 60 000 ახალი სამუშაო ადგილი.

„აწარმოე საქართველოს” ფარგლებში კვლავ პრიორიტეტად დარჩება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ მიზანი იქნება სრულად ავითვისოთ ევროკავშირთან და ჩინეთთან, ასევე სხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ამასთანავე, დავიწყოთ ამ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენს მეწარმეებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროდუქტი, თავიანთი სერვისი გაყიდონ მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე ყოველგვარი დამატებითი ბარიერების გარეშე და აკეთონ მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე თავიანთი კომერციული საქმიანობა.

ამასთანავე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის ხელშეწყობის ფარგლებში დაინერგება კონკრეტული ინსტრუმენტები – ბრენდინგის , მარკეტინგის ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. მეწარმეობის ხელშეწყობის მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს ბიზნესს დავეხმაროთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, ამისთვის თითოეულ რეგიონში შეიქმნება პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრები, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეს შეეძლება ისწავლოს ის პროფესია, რომელიც მისთვის ყველაზე საინტერესოა , დასაქმდეს და დასაქმდეს საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში და რა თქმა უნდა შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პირობები თავის ოჯახს,“- აღნიშნა დაუშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც რეფორმებზე ვსაუბრობთ, ცალსახად ესმით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის საგადასახადო რეფორმა .

„უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის წინ განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმა მოგების გადასახადის ესტონური მოდელით დაბეგვრის კუთხით, რომელმაც ბიზნესს საშუალება მისცა, რომ რეინვესტირება განეხორციელებინა ასობით მილიონი ლარის რესურსის, თუმცა ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის ამოქმედება, რაც ნიშნავს იმას , რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ბიზნესს საშუალება ექნება დაიტოვოს, ასე ვთქვათ დაუბრუნდეს სულ მცირე 2 მილიარდი ლარის რესურსი .

ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ ახლო ვადებში განხორციელდება და ოპტიმიზირდება წიაღის ლიცენზირების სისტემა, გაიცემა 4 ათასზე მეტი ახალი ლიცენზია , რაც ნიშნავს იმას , რომ დასაქმდება სულ მცირე 10 000 ადამიანი, შეიქმნება 10 000 ახალი სამუშაო ადგილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან სერიოზულ ბიძგს მისცემს მცირე , საშუალო და მსხვილ ბიზნესს დამატებითი პროექტების განხორციელებისთვის,“- განაცხადა დაუშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება გაგრძელდება როგორც მიკროგრანტების, ასევე სპეციალისტების გადამზადების, კონკრეტულად 3 ათასი ,,აიტი” სპეციალისტის გადამზადებით.

„მიკროგრანტების ოდენობა, რომელიც დღეს არის 15, 100, 650 ათასიანი გრანტები, ესენი შენარჩუნდება და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ახალი ინოვაციური იდეების რეალიზებას იმისათვის, რომ მაგალითად, ახლა სტუმრებში ვხედავ 12 წლის ათუნა თათრიშვილს , რომელიც დღეს სახლიდან გაუსვლელად მუშაობს და აკეთებს პროექტებს, ფიქრობს განვითარებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება , რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ ათუნას მსგავსი ახალგაზრდებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობების ქვეყნად და მივცეთ თავიანთი იდეების და თავიანთი შრომის ღირსეულად რეალიზების პირობა .

ჩვენი ამოცანაა, რომ პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტები სწრაფად აღმოვფხვრათ და ეკონომიკა გავზარდოთ სწრაფად, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის – გავზარდოთ წარმოება ევროკავშიროს ბაზრისთვის და ზოგადად მსოფლიოს უდიდესი ბაზრებისთვის . ამასთანავე, ჩვენი მეწარმეები გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშოროსო ბაზრებზე და თავისთავად ცხადია გავზარდოთ კერძო სექტორში დასაქმება, რაც რა თქმა უნდა ნიშნავს მეტ კეთილდღეობას და უკეთეს ცხოვრების პირობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის,“- განაცხადა დაუშვილმა.

აღნიშნულ განცახდებას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები