ლევან ნიკოლეიშვილი: მთავარია, რომ მძევლები ცოცხლები არიან და მათი სიცოცხლე ამ ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო დაფასდა
სამხედრო ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სპეცოპერაციას, რომელსაც პირადად ვახტანგ გომელაური ხელმძღვანლობდა და უსისხლოდ დასრულდა, დადებითად აფასებს.
მისი თქმით, გუშინდელი სპეცოპერაციისას სამართალდამცავი უწყებების ეფექტიანი მუშაობა გამოჩნდა. ნიკოლეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და მეორე ეტაპია უკვე დამნაშავის სამძებრო სამუშაოები, რასაც შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.
“პირველ ყოვლისა, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ, თუმცა არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ სამართალდამცავი უწყებების ძალიან ეფექტიანი მუშაობა და პერსონალურას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავას გმირობა. მან თავისი სიცოცხლის რისკის ფასად შეძლო ამ ოპერაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება. პირველი ეტაპი არის, რომ აბსოლუტურად ყველა მძევალი ცოცხალია, თმის ერთი ღერი არ ჩამოვარდნიათ. რა თქმა უნდა, მათ გარკვეული სტრესი ექნებათ, თუმცა, ყველაზე მთავარია, რომ ცოცხლები არიან და მათი სიცოცხლე ფასეულია და დაფასდა კიდევ და კიდევ ამ ხელისუფლების პირობებში.
სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ვნახეთ 2 ცუდი მხარე: პირველი, ესაა მედიასაშუალებების ქცევა, არ ვიცი, ამას რა ჰქვია, ჟურნალისტიკა, მედია, თუ რა უბედურებაა და მეორე, ვაიპოლიტიკოსების აღტკინება და გახარება. ჩვენ ამის დასტური გვაქვს, როდესაც ითქვა, რომ სპეცოპერაცია დასრულდა და ცოცხალი გამოვიდა ყველა მძევალი კმაყოფილება და გახარება ვერ შევამჩნიეთ ადამიანების ამ კლასტერს.
მეორე ეტაპია უკვე თავდამსხმელის ძებნა, რაც ცოტა მეტ დროს მოითხოვს. შეიძლება, ერთ დღეში იპოვონ ან ერთი წელიც დასჭირდეს, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ნუ გახდება დღეს ყველა ყველაფრის სპეციალისტი, როგორ გაუშვეს, რით ვერ დაიჭირეს და ა.შ. ეს ყველაფერი მანიპულაცია და პოლიტიკური ქულების დაწერაა”, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა POSTV-ის ეთერში.
ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.