გია ჟორჟოლიანი ხელისუფლებას საბანკო დავალიანებებზე 6-თვიანი მორატორიუმის დაწესებას სთავაზობს და სასურსათო ვაუჩერების დარიგების აუცილებლობასაც არ გამორიცხავს

“სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” ლიდერი, გია ჟორჟოლიანი ხელისუფლებას საბანკო დავალიანებებზე 6-თვიანი მორატორიუმის დაწესებას სთავაზობს და არ გამორიცხავს სასურსათო ვაუჩერების დარიგების აუცილებლობასაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის.

რას უქადის კოვიდ პანდემია მსოფლიოს, რამდენად დააზარალებს ის ისეთი პატარა ქვეყნების ეკონომიკას, როგორიც საქართველოა, რა უნდა გააკეთონ პატარა სახელმწიფოების ხელისუფლებებმა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მცირე დანაკარგით გამოიყვანონ ქვეყნები კრიზისიდან ისე, რომ მოქალაქეების ჯანდაცვა და სასურსათო უზრუნველყოფა ნაკლებად დაზარალდეს. ,,კვირა” პარტიის ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” ლიდერს, გია ჟორჟოლიანს ესაუბრა:

-მთელს მსოფლიოში, მიუხედავად გაზაფხულიდან დაწესებული მკაცრი შეზღუდვებისა, ინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოდ იზრდება. ზოგ ქვეყანაში მას კოვიდ ინფექციის მე-2 ტალღასაც უწოდებენ. ზოგი მეცნიერის ვარაუდით, ეს ჯერ კიდევ არ არის მეორე ტალღა და ინფექციის პიკს იანვარ-თებერვალში უნდა ველოდეთ. როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ მოქალაქეთა მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის?

-ფაქტია, რომ აგვისტოდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ფაქტია ისიც, რომ შეზღუდვების მოხსნამ ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაზარდა. საქართველოში გაზაფხულზე დაწესებულმა მკაცრმა ღონისძიებებმა საუკეთესო შედეგი მოგვიტანა და ის დღეში 20-25 ინფიცირებულით განისაზღვრა. მაშინ ჩვენ ინფექციის გავრცელების დადებითი მაჩვენებლით მოწინავე ქვეყანათა რიგში ვიყავით. ახლა, ინფექციის გავრცელების პროცენტული მაჩვენებლით, ნეგატიური შედეგით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის კვლავ მოწინავე ადგილს ვიკავებთ.

-შეზღუდვების შერბილების მთავარ არგუმენტად საქართველოს მთავრობას ქვეყნის სუსტი ეკონომიკა მოჰყავს.

– აშკარაა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გვიქადის. დაინფიცირებული ადამიანები ვეღარ მუშაობენ. რადიკალურად იზრდება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებიც. შესაბამისად, იკლებს საბიუჯეტო რესურსებიც. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ, შეზღუდვების გაძლიერებასა და საკარანტინო ზომების შემოღებას ალტერნატივა არ აქვს.

-რა დონის შეზღუდვები უნდა დააწესოს სახელმწიფომ, რომ მაქსიმალურად დაიცვას როგორც მოქალაქეთა ინტერესები, ისე – ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლისგან?

-შეზღუდვების ხარისხის დაწესება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებითა და ანალიზით უნდა მოხდეს. ფაქტი ერთია – მკაცრმა შეზღუდვებმა საქართველოში კოვიდ 19-ის გავრცელება შეაჩერა და დადებითი ეფექტი მოგვცა. საქართველო სერიოზულად ემზადება 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის. პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში არიან, აქტიურად ხვდებიან ამომრჩეველს, რაც კიდევ უფრო ართულებს ეპიდვითარებას. -რასაკვირველია, დამატებით რისკებს ქმნის საარჩევნო პროცესი. ამ დროს შეზღუდვების განხორციელება და მკაცრი კონტროლი ძალზე რთულია. ჩვენ ვხედავთ ისრაელის მაგალითს, სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა მკაცრმა კარანტინმა 5-ჯერ შეამცირა ინფიცირებულთა რაოდენობა. მოქალაქეებს მხოლოდ სახლიდან 500 მეტრის დაშორებით შეეძლოთ გადაადგილება, დღეს ეს მანძილი 2-ჯერ გაზარდეს და ახლა მოქალაქეებს სახლიდან 1000 მეტრით გადაადგილებაც შეუძლიათ. ამ გზით ისრაელში ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 8000-დან 1500-მდე დაიყვანეს. კარგად მესმის საარჩევნო პროცესის მთელი პერიპეტიები. საქართველოში არსებული პარტიები და პოლიტიკური ჯგუფები არად დაგიდევენ ეპიდემიურ სიტუაციას და, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველი ქმედებები განახორციელონ. ვაცნობიერებთ, რომ მდგომარეობა რთულია. მიუხედავად ამისა, თუ სახელმწიფო ეფექტურად არ იმოქმედებს, ეს გამოიწვევს არა მხოლოდ არსებული მთავრობის დელეგიტიმაციას მოსახლეობის თვალში, არამედ, ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტებას.

– ხელისუფლებას ისღა დარჩენია, იყოს უფრო მკაცრი და კატეგორიული?

-ჯანდაცვის მიმართულებით ეფექტურად და ოპტიმალურად გამოიყენოს ყველა რესურსი. მართალია, რესურსი მწირია, აუცილებელია, მენეჯმენტმა ზედმიწევნით დაიცვას და შეასრულოს პრიორიტეტები. რასაკვირველია, მთავრობამ მეტად უნდა გაამკაცროს ზომები. რეაგირება შეზღუდვების დარღვევების შემთხვევში უნდა იყოს უმკაცრესი და არამხოლოდ ჯარიმების მიმართულებით. მკაცრად უნდა დაისაჯონ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც წინასაარჩევნოდ პროვოკაციულ ქმედებებზე მიდიან. მთავრობის ამოცანა პროვოკაციის მომწყობთა სიტყვიერი დაგმობა კი არ უნდა იყოს, არამედ პოლიტიკური ჯგუფების პროვოკაციების აღმოფხვრა საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. მსგავსი პროვოკაციები საფრთხეს უქმნის როგორც მოქალაქეებს, ისე – საზოგადოებრივ სტაბილურობას. უცხოეთის მოქალაქე სააკაშვილის პროვოკაციულ ტელემიმართვებს და მის მომხრეთა რისკიან ქმედებებს მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებში დაგმობა არ შველის. ხელისუფლებამ, როცა საჭიროა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს პროვოკატორებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ,,ქართული ოცნება” ამომრჩევლის თვალში მოწინააღმდეგეთა მხილებითაა დაკავებული, მაგრამ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ,,ცუდი ხალხის” ,,ცუდი მოქმედებით” მოსახლეობა არ დაზარალდეს.

-შეზღუდვები და აკრძალვები ხომ პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას?

-მთავრობის დღევანდელი განცხადებებით, ისინი ვერ აწესებენ მკაცრ შეზღუდვებს ეკონომიკის ჩამოშლის შიშით. ეს ვერსია გამყარებულია მცდარი შეხედულებით, თითქოს, რადიკალური ცვლილებების განხორციელება ეკონომიკაში შეუძლებელია და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ პანდემიამდელ სიტუაციას. ასეთი პოზიცია დამახასიათებელია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობისთვის. გაბატონებული და მმართველი ელიტებისთვის არსებული ეკონომიკური წესრიგის შეცვლა მიუღებელია. რთულია აგრეთვე მმართველობის სისტემის სწრაფი ტრანსფორმაციაც. თუმცა, მართვის სისტემის აუცილებელ და რადიკალურ ცვლილებას ალტერნატივა არ გააჩნია. ,,როგორც ადრე”, ისე აღარასოდეს იქნება. მთავრობების და გაბატონებული ელიტების დიდი სურვილია, პანდემიასთან დაკავშირებული ღონისძიებები იყოს დროებითი და რაც შეიძლება სწრაფად გააგრძელონ ცხოვრება ძველ რეჟიმში. გადახედეთ დღევანდელ განვითარებულ ქვეყნებს. დღეისათვის მთავრობათა ჩარევა ეკონომიკაში შეუდარებლად ფართოა, ვიდრე პანდემიამდე. ბიუჯეტები, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, გაორმაგდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა არეგულირებს ეკონომიკის 60-70%-ს. ეს მაჩვენებელი ისეთსავე დონეს უახლოვდება, რომელიც დამახასიათებელი იყო მაგალითად მეორე მსოფლიო ომის პერიოდისთვის.

-როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რიგი პოლიტიკური პარტიები რაც შეიძლება ,,მცირე მთავრობას” მოითხოვენ. რამდენად გამართლებულია ეს მოთხოვნა გართულებულ ეპიდსიტუაციაში?

-,,მცირე მთავრობის” მოდელი დღევანდელი გამოწვევების პერიოდში სრულიად არაეფექტურია და ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა. ,,მცირე მთავრობა” ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების განკარგულებაში იყოს რაც შეიძლება მცირე ფინანსები. საქართველოში საბიუჯეტო სახსრების 30%-ს არეგულირებს ხელისუფლება. განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და ის 50%-ს აღემატება.

მთავრობა განკარგავს ქვეყანაში ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერული კვლევების, სოციალური დაცვის ბიუჯეტს. ეს თანხა არ გახლავთ მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯები. ზოგიერთი პარტია საქართველოშიც მოითხოვს, რომ მთავრობამ საბიუჯეტო სახსრების რაც შეიძლება მინიმალური თანხა, 20% განკარგოს. საუბრობენ მთავრობის ხარჯების სიძვირესა და მინისტრთა დიდ ხელფასებზე. რასაკვირველია, თუ მთავრობა არ ახორციელებს ღონისძიებებს და არაფერს გეგმავს, ბიუროკრატიის ხარჯიც არ იქნება საჭირო, ამ მდგომარეობის ალტერნატივა იქნება შექმნა ისეთი ბიუროკრატია, რომელიც იმუშავებს. -ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რა უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა უახლოეს მომავალში? -მინიმუმ 1 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ჯანდაცვისთვის საჭირო რესურსების გამონახვა და სექტორის ისე მართვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა მოქალაქემ მიიღოს შესაბამისი მომსახურება. მე-2 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია ადამიანების სურსათით და საცხოვრებელი პირობით უზრუნველყოფაა. მოქალაქეთა სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფის მინდობა თავისუფალი ბაზრისთვის ადამიანებისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს. ამის გაცნობიერებას დიდი პოლიტიკოსობა და ეკონომისტობა არ სჭირდება, თუმცა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბება და მმართველობის ტრანსფორმაცია დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

1-ლი ნაბიჯები ამ მიმართულებით ხელისუფლებამ გაზაფხულზე გადადგა, როდესაც მოსახლეობის ნაწილს კომუნალური გადასახადები დაუფინანსა და როგორც დაანონსდა, დაფინანსების გაგრძელებას ზამთრის თვეებშიც აპირებს. ეჭვგარეშეა, თუ სუბსიდირება და რეგულირება, მათ შორის ფასებზე და სურსათის მიწოდებაზე არ იქნება უზრუნველყოფილი, მოსახლეობის ნაწილი კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება. არ გამოვრიცხავ სასურსათო ვაუჩერების დარიგების აუცილებლობასაც.

-გაწვდება საქართველოს მწირი ბიუჯეტი ამხელა ხარჯებს?

-სესხებისა და მით უფრო გრანტების მოზიდვის შესაძლებლობა საქართველოში მინიმალური ხდება. ამიტომ, საჭირო რესურსები ქვეყნის შიგნით უნდა გამოინახოს და შემუშავდეს ოპტიმალური გადანაწილების მექანიზმი. -შემოსავალდაკარგულ მოქალაქეებს კიდევ ერთი დიდი პრობლემა აწუხებთ-კრედიტების მომსახურება და საბანკო დავალიანებები. -ეპიდემიის პირველი ტალღის დროს სესხებზე სამთვიანმა მორატორიუმმა მხოლოდ გადაავადა, მაგრამ არ აღმოფხვრა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის საკრედიტო დაწესებულებებისადმი მზარდი დავალიანების პრობლემა. აუცილებლად მიგვაჩნია, გამოცხადდეს 6-თვიანი გადავადება (პროცენტზე მორატორიუმით), განსაკუთრებით შემოსავლების გარეშე დარჩენილი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის. მათ, ვისაც არ უფიქსირდება ბოლო 6 თვის მანძილზე შრომითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, სრულად უნდა მოეხსნათ გადახდის ვალდებულება 6 თვის განმავლობაში. ხოლო მათ, ვისაც უფიქსირდებათ შემოსავალი, დაეკისროთ ისეთი ვალდებულება, რომელიც საფრთხის ქვეშ არ დააყენებს ცხოვრებისათვის მინიმალურად აუცილებელი თანხების შენარჩუნებას, კერძოდ: 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში სავალდებულო გადახდის ზღვარი განისაზღვროს შემოსავლის 10% – მდე; 1001-5000 ლარის შემთხვევაში – 20%-ით; 5001 – 10 000 ლარის შემთხვევაში – 30%-ით, ხოლო 10 001 ლარზე მეტის შემთხვევაში – 40%-ით. ეს ღონისძიება ასიათასობით ოჯახს შეეხება.

-ასევე მნიშვნელოვანია საფრთხე არ შეექმნეს ბანკების მუშაობას ქვეყანაში.

-აუცილებელია, განისაზღვროს რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის მათი დეპოზიტების თანხების გაცემას და არ შეაფერხებს როგორც ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ეკონომიკაში გამოყენების შესაძლებლობას, ისე – მათ მიერ დამატებითი, ახალი რესურსების მობილიზებას. სამწუხაროა, რომ სერიოზული თემების განსახილველად და სამსჯელოდ არც ქართულ პოლიტიკას და არც მედიას სცალია და სასიცოცხლოდ აუცილებელი დრო არაფრისმთქმელ კინკლაობაში იხარჯება.

-პანდემიამ მსოფლიო საგრძნობლად შეცვალა. როგორი უნდა იყოს სამომავლო პოლიტიკური ხედვა და ორიენტირები მთელი მსოფლიოსთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის?

-30-წლიანი ნეოლიბერალიზმის ბატონობა დასრულდა. მართვის სოციალ-დემოკრატიულ სტილს ალტერნატივა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშ, არ გააჩნია. სოციალ-დემოკრატიას შეუძლია, კრიზისიდან გამოიყვანოს და განვითარების გზაზე დააყენოს ქვეყნების ეკონომიკა. ჩვენი ქვეყანა დღეს ისეთივე ცვლილებების წინაშე დგას, როგორის წინაშეც ვიყავით 30 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლისას. ბევრი, როგორც 30 წლის წინ, ამ ცვლილებების მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს. ახლა დაგვიანების დრო აღარ გვაქვს, კიდევ ერთი დაგვიანება დაგვიანება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი აღმოჩნდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები