გია ვოლსკი: საერთაშორისო ექსპერტების კომპეტენტური დასკვნა არსებობს, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში შედის
“საერთაშორისო ექსპერტების კომპეტენტური დასკვნა არსებობს, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში შედის და არის რელევანტური რუკები, რომელიც განზრახ არ გამოიყენეს, თუ რა მოტივით მოხდა ასე, ეს გამოძიების კომპეტენციაა და, ალბათ, პასუხები მალე გვეცოდინება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების დროს მოღალატეობრივი ნაბიჯები იყო გადადგმული.
„კომპეტენტური ექსპერტები ყოველთვის დაადასტურებენ იმას, რომ რუკა არსებობს, სადაც აშკარაა, რომ დავით გარეჯის ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია. არსებობს ისტორია და ადამიანების დიდი ჯგუფი, მათ შორის, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოს თავისი ტერიტორია არაფრად არ უნდა უღირდეს და ჩვეულებრივად უნდა დათმოს, თუნდაც, ისტორიული იყოს და ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტები საუბრობდნენ. ეს არის რეალური სურათი და მოცემულობა, რომლის გადასაფარად იმართება აქცია – „დააპიპინე“. საერთაშორისო ექსპერტები ადასტურებენ იმას, რომ რელევანტური რუკები არსებობდა და ხელისუფლებამ განზრახ არ გამოიყენა იმისათვის, რომ თავისი სიმართლე დაეცვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.