ირაკლი ბერაია: დავით გარეჯთან მიმართებით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია

,,დავით გარეჯთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებაში ასევე არსებობდა სრული კონსენსუსი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის პროკურატურისათვის მიცემული ჩვენების კომენტირებისას განაცხადა.

ყოფილი პრემიერი პირდაპირ ადებს ხელს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ე. წ. სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით მათგან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარის მონაკვეთები თანხმდებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ის რომ იმალებოდა, ნადგურდებოდა ან ქრებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის კარტოგრაფიული მასალები, იმას, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში და თუკი ამას დავუმატებთ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას, სადაც ასახულია უშიშროების საბჭოს სხდომაზე არსებული ვითარება და იქ გაჟღერებული დეტალები, დასკვნა არის ძალიან მარტივი – სახეზე გვაქვს ჩვენ უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, როდესაც რეალურად საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებაში ასევე არსებობდა სრული კონსენსუსი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი მდებარეობდა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ დღის წესრიგზე და ნამდვილად არ არის გასაკვირი იმ ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები