NDI: მთიან ყარაბაღში განახლებულმა კონფლიქტმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც წინასაარჩევნო ანტაგონიზმის შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა, უფრო მეტი დაძაბულობა შეიტანა

“მთიან ყარაბაღში განახლებულმა კონფლიქტმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც წინასაარჩევნო ანტაგონიზმის შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა, უფრო მეტი დაძაბულობა შეიტანა”, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონფლიქტზე ფოკუსირებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს ეთნიკური
უმცირესობების უსაფრთხოების პრობლემად წარმოჩენა და ამასთან დაკავშირებული სტიგმები.

„ეთნიკური უმცირესობები (მოსახლეობის დაახლოებით 13 პროცენტი) კამპანიის პროცესებში ნაკლებად არიან წარმოდგენილები. გამონაკლისია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ორი ოლქი: მარნეული-გარდაბანი და ახალქალაქი-ნინოწმინდა, სადაც, პირველ შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობას – ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო მეორეში ეთნიკურად სომხები წარმოადგენენ. ამ ოლქებში ეთნიკური უმცირესობების ჯგუფის წარმომადგენელი 14 კანდიდატია, საქართველოს სხვა მაჟორიტარულ ოლქებში კი ეთნიკური უმცირესობები საერთოდ არ არიან წარმოდგენილები.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები კამპანიის მასალებსა და პოსტერებს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც ავრცელებენ, ამ დრომდე ინტერნეტში უმცირესობების ენებზე პროგრამა არცერთ მათგანს გამოუქვეყნებია. ენობრივი ბარიერების გამო ეთნიკური უმცირესობები ხშირად რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ მედიას ეყრდნობიან, თუმცა რამდენიმე ენაზე მაუწყებელი ადგილობრივი მედიასაშუალებებიც თანდათან მეტ მნიშვნელობას იძენენ. ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ცესკო საარჩევნო ინფორმაციას საკუთარი ვებგვერდისა და ქოლცენტრის მეშვეობით აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც ავრცელებს. ამასთანავე, ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგების მასალების თარგმნასა და შესაბამისი ოლქებისთვის მრავალენოვანი ბიულეტენების ბეჭდვასაც უზრუნველყოფს.

ისლამოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკა პოლიტიკური დისკურსის ნაწილს წარმოადგენს. წინასაარჩევნო კამპანიაში ანტი-თურქული გზავნილების გამოყენების გამო „პარტია პატრიოტთა“ ალიანსი დაჯარიმდა. მთიან ყარაბაღში განახლებულმა კონფლიქტმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც წინასაარჩევნო ანტაგონიზმის შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა.

კონფლიქტზე ფოკუსირებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობების უსაფრთხოების პრობლემად წარმოჩენა და ამასთან დაკავშირებული სტიგმები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ორგანიზაცია პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის რეკომენდაციებსაც გასცემს, სადაც აღნიშნულია, რომ „პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები უნდა მოერიდონ ისეთი თემების (მაგალითად, ყარაბაღში გამწვავებული კონფლიქტი) განხილვას, რაც შეიძლება დაპირისპირებისა და საზოგადოების განხეთქილების რისკს შეიცავდეს. ამის ნაცვლად მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ მოქალაქეების პრიორიტეტებზე ორიენტირებულ კამპანიაზე და უფრო მკაფიოდ ისაუბრონ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე“.

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში 19 აგვისტოსაც გამოსცა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წინამდებარე ბიულეტენი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები