კახიშვილი: ოპონენტების მხრიდან ისეთი დაპირებები ისმის, რომელიც აბსურდულია და ჰგონიათ, რომ ხალხს სჯერა
„ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ყველა მისი შეხვედრა ამომრჩეველთან რეალური დაპირებით იწყება და არა ტყუილით.
როგორც მან „იმედთან” საუბარში აღნიშნა, ის არასოდეს გასცემს ტყუილ წინასაარჩევნო დაპირებას.
კახიშვილის თქმით, ზოგიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ისეთი დაპირება ისმის, რომლის განხორციელება არათუ მაჟორიტარობის დროს, არამედ პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაშიც კი რთულად განსახორციელებელი იქნება.
„ყველა ჩემი საარჩევნო შეხვედრა იწყება იმით, რომ მე არ გავცემ არასდროს ტყუილ დაპირებებს. საპარლამენტო ცხოვრების 4 წელიც გავა და და შემდგომში იმის თავი უნდა გქონდეს, რომ ქუჩაში გაიარო და ადამიანებს თვალებში შეხედო. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ ისეთი დაპირებებია, რომ ფაქტობრივად, მაჟორიტარობის შემთხვევაში კი არა, პრემიერობის შემთხვევაშიც რთულად გადასაწყვეტი იქნება. მაგალითად, ბანკის ვალების განულება. როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში მოქმედი ბანკები თითქმის ყველა გატანილია საზღვარგარეთ ბირჟებზე და კერძოა. როგორ უნდა გაანულო? ანუ ფაქტობრივად, აცხადებ, რომ გამოიყენებ სახელმწიფო ბერკეტებს, ისევ ძალოვან სტრუქტურებს იმისთვის, რომ აიძულო ბანკები რომ გაგინულონ? სხვა შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელია. ისეთი დაპირებები ისმის, რომელიც აბსურდულია და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს ადამიანებს სჯერათ”, – განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ როგორც ისნის უბნელმა იცის, რა აწუხებს მოსახლეობას.
„თავიდან, როდესაც შემომთავაზეს მაჟორიტარობა, ძალიან გამიჭირდა, რადგან სულ ვფიქრობდი, ეს ადამიანები ისეთი დაპირებებით დადიან, ისეთ განცხადებებს აკეთებენ და მე რა უნდა შევთავაზო მეთქი. ბუნებივია, ტყუილს ვერ შევთავაზებ. ხალხი ძალიან ბრძენია, ძალიან კარგად ერკვევა რომელია ტყუილი დაპირებები და რომელია ნამდვილი”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.