რა გადაწყდა წლების წინ სააკაშვილ-ალიევის შეხვედრაზე ჩიკაგოში და რას აცხადებდა მამა კირიონი 2012 წელს – არქივი (ვიდეო)

არქიმანდრიტი კირიონი დავით გარეჯის დემილიტარიზაცია-დემარკაციის პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, წლების წინაც აქტიურად საუბრობდა. აღნიშნულის შესახებ 2012 წლის საარქივო მასალა netgazeti.ge-ზეა განთავსებული. ახლა კი, როდესაც გარეჯის საკითხი კვლავ გააქტიურდა არქიმანდრიტის პოზიცია უცვლელია და მაშინ, თემის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკების დეტალებზეც საუბრობს.
​საარქივო მასალაში, აღნიშნულ საკითხზე, დღეს “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოზარ სუბარის კომენტარიცაა შემონახული. ის მაშინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას და განცხადებებს ქვეყნის ღალატად აფასებდა.

“კვირა” “ნეთგაზეთის” მიერ 2012 წელს მომზადებულ მასალას უცვლელად გთავაზობთ.

“მართლმადიდებელი სასულიერო პირების მოსაზრებით, 21 მაისს დავით გარეჯის მოლოცვა რამდენიმე ათასი მორწმუნის მიერ ხელისუფლებას მიახვედრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სამონასტრო კომპლექსი ქვეყნისთვის. მომლოცველთა რწმენით კი, აზერბაიჯანი ქართული სიწმინდეების მითვისებას ცდილობს, რასაც ქართული ეკლესია არ დაუშვებს.

21 მაისს, შუადღისთვის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ათეულობით ავტომობილი, მიკროავტობუსი და ავტობუსი იდგა. რამდენიმე ათასი მორწმუნე, ასზე მეტი მღვდელი და 6 ეპისკოპოსი სწორედ ამ სატრანსპორტო საშუალებებით ჩავიდნენ დავით გარეჯის მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ ”ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ წამოსვლისას, რაც ტრანსპორტის მოძიებას გულისხმობს, პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა, საგარეჯო-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები, ასევე, საგარეჯოელი ტაქსისტები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისინი გააფრთხილეს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ მომლოცველთა ჯგუფები არ გადაეყვანათ.

წირვა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერსა და სხვა სალოცავებში 16:00 საათამდე გაგრძელდა.  სასულიერო პირები და მომლოცველების ნაკადი უდაბნოს სალოცავიდან დავით გარეჯის ლავრამდე რამდენიმე საათის მანძილზე არ შეწყვეტილა – ასობით ადამიანი ფრთხილად ეშვებოდა საცალფეხო ბილიკზე.

”საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, მაგრამ პირობა ასეთია, რომ 10 სამუშაო დღეში დატოვებენ საზღვარს, თუმცა მიმოსვლა დღეიდან უკვე აღდგენილია და იქ მისვლა, სასულიერო პირების გარდა, ტურისტებსაც შეუძლიათ,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” დავით გარეჯის მონასტრის ბერმა მამა კირიონმა.

ცნობა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან თავისუფალი მოძრაობის აღდგენის შესახებ 20 მაისს ერთდროულად გაავრცელა როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული საკითხი 20 მაისს, საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შედეგად გადაწყდა.  აღნიშნულ შეხვედრას კი წინ უძღვოდა ამ  საკითხზე შეთანხმება ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის ჩიკაგოში.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა “საუბრისას ყურადღება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკება ორი ქვეყნის დიპლომატებისა და სასაზღვრო კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ლიდერების განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასა და თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ამ ორი მოძმე ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.”

20 მაისს, დღის ბოლოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, გადაცემაში ”აქცენტები”, დავით გარეჯის თემაზე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამაც ისაუბრა.

ბოკერიამ დავით გარეჯის საკითხის გარშემო აგორებულ კამპანიას ”უპასუხისმგებლო და უმწიფარი” უწოდა. მისივე მოსაზრებით, ეს კამპანია საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

გიგა ბოკერიამ დავით გარეჯის დამცველები გააკრიტიკა იმის გამოც, რომ მათ რუსეთის წინააღმდეგ არ გამოუხატავთ პროტესტი, როცა აფხაზეთში ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას საფრთხე შეექმნა.

”ალბათ, ბოკერიას არა აქვს სრული ინფორმაცია. თუ ის ჩვენს მამებზე საუბრობდა, მამები თითქმის ყოველ ქადაგებაში საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს მთლიანი და აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ეკლესია-მონასტრები არის საქართველოს კუთვნილება. ბოკერიას არა აქვს ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ ქადაგებებს არ ესწრება, ჩვენ – მრევლმა, ეს ვიცით”,  – ასე აფასებს გიგა ბოკერიას განცხადებას თბილისის წმ. ნინოს ეკლესიის მრევლის წევრი თამთა ჩახუნაშვილი.

”ეს მათი ჭკუით არის ასე, ქართველი ერის ჭკუით კი ეს არის, რასაც ხედავთ – ერის ერთობა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ეროვნული ინტერესები მათ ცხოვრებაზე მაღლა დგას”, –  ასეთია დავით გარეჯელი ბერის, მამა კირიონის მოსაზრება.

მამა კირიონი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საკითხის მიმართ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა პრინციპული პოზიცია, რამაც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მისცა შესაძლებლობა, პირობითი საზღვრის იქით, უდაბნოს მონასტრისკენ საქართველოს ტერიტორიიდან არ გაეშვათ მომლოცველები, ტურისტები და სასულიერო პირები. ეს სიტუაცია დავით გარეჯში 2012 წლის 6 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით იყო.

საქართველოს ხელისუფლების ”სუსტ დიპლომატიას” უწოდებს მოხისის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა გრიგოლი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძისა და კულტურის მინისტრ ნიკა რურუას განცხადებებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური დავით გარეჯის პრობლემას გასული, მეოცე საუკუნის, დასაწყისში ეძებს.

”1917 წლამდე დავით გარეჯი და აზერბაიჯანის ზაქათალას რაიონი (ყოფილი საინგილო) საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, საქართველოს იმ დროს საზღვრები არ ჰქონდა, მაგრამ ეს რეგიონები თბილისის გუბერნიის ნაწილი იყო. 1918-21 წლებში საქართველოში შეიქმნა საზღვრის დამდგენი კომისია, ამ კომისიაში შედიოდნენ პავლე ინგოროყვა და ივანე ჯავახიშვილი. 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო საზღვრების საკითხის განხილვა, სერგო ორჯონიკიძემ პავლე ინგოროყვას შეუთვალა: ”ბევრს ნუ ლაპარაკობ, თორემ საზღვარს თბილისთან გავავლებო”. ამის შემდეგ ხდება დავით გარეჯის ნაწილისა და საინგილოს აზერბაიჯანის ტერიოტრიაზე მოქცევა. ეს ხელშეკრულებები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად, რადგან ეს თავს მოახვიეს ანექსირებულ საქართველოს,” – ამბობს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური. მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, ადმინისტრაციული საზღვრები რესპუბლიკებს შორის პირობით საზღვრად აიღეს, როგორც საფუძველი რეალური საზღვრების დადგენისას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საზღვრის დემარკაციის პროცესი აზერბაიჯანთან დაწყებულია და ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება”,-აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები