ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“

„მონა ლიზა“ (აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოკონდა) ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული პორტრეტია, რომელიც შექმნილია, დაახლოებით, 1503 წელს. იგი ხელოვნების დარგში ყველაზე ცნობად ნამუშევარს წარმოადგენს და აღორძინების პერიოდს მიეკუთვნება. ნახატი გინესის რეკორდის მფლობელია, როგორც ყველაზე ძვირად დაზღვეული ხელოვნების ნიმუში, რომელიც 1962 წელს 100 მილიონ დოლარად დააზღვიეს, ხოლო 2017 წელს დაზღვევის ღირებულებამ, დაახლოებით, 800 მილიონ დოლარს მიაღწია.

ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავებით ალვის ხის დაფაზე 1503 – 1506 წლებში. ნახატი ფრანსუა I-მა შეიძინა და ახლა საფრანგეთის საკუთრებას წარმოადგენს. იგი გამოფენილია ლუვრის მუზეუმში.

ამბობენ, რომ ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში“. ნახატს წლების განმავლობაში სწავლობდნენ ისტორიკოსები და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი, რომ არა მისი გამორჩეული ისტორია. 1911 წელს ნახატი მოიპარეს და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი, „მონა ლიზა“ მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან არ „ჩამოსულა“.

ძნელია ნახატზე გამოსახული პიროვნების იდენთიფიცირება. დღემდე არსებობს რამდენიმე სადავო მოსაზრება ამ პიროვნების ვინაობის შესახებ:

  • ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი მონა ლიზა;
  • კატერინა სფორცა;
  • იზაბელა დ’ესტე;
  • უბრალოდ იდეალური ქალი;
  • ახალგაზრდა ყმაწვილი ქალის სამოსში;
  • ლეონარდოს ავტოპორტრეტი;

1517 წელს კარდინალმა – ლუი არაგონმა – მოინახულა ლეონარდო თავის სახელოსნოში, საფრანგეთში. ამ შეხვედრის დეტალები კარდინალის მდივნმა, ანტონიო დე ბეატისომ შემდეგნაირად აღწერა: „1517 წლის 10 ოქტომბერს მე და ჩემმა ბატონმა ამბუაზის ყველაზე დაშორებულ ნაწილში მოვინახულეთ მესიე ლეონარდო და ვინჩი, ფლორენციელი, თეთრწვერა მოხუცი, რომელიც 70 წელზე მეტისაა — ჩვენი დროის ყველაზე შესანიშნავი მხატვარი. მან თქვენ აღმატებულებას აჩვენა სამი ნახატი: ერთი ფლორენციელი ქალბატონის გამოსახულებით, ნატურით დახატული ჯულიანო მედიჩის ძმის, ლორენცო მშვენიერის თხოვნით. მეორე — იოანე ნათლისმცემლის ახალგაზრდობის პორტრეტი და მესამე — წმინდა ანა მარიასთან და ჩვილ იესო ქრისტე ერთად. ყოველი მათგანი შესანიშნავია. თავად შემოქმედისგან უკვე შეუძლებელი იყო რაიმე ახალი შემოქმედების ლოდინი, რადგან მას მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა.“

მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ფლორენციელი ქალბატონში“ იგულისხმებოდა „მონა ლიზა“, თუმცაღა შესაძლებელია, რომ ეს სულ სხვა პორტრეტი იყო, რომლის შესახებ არანაირი ცნობა თუ ასლი არ შემორჩა, რის გამოც ჯულიანო მედიჩის არ შეიძლებოდა რაიმე კავშირი ჰქონოდა „მონა ლიზასთან“.

ჯორჯიო ვაზარის (1511—1574 წწ.), ცნობილი იტალიელი მხატვრების ბიოგრაფიების ავტორის თანახმად, მონა ლიზა (შემოკლებული მადონნა ლიზასგან) იყო ფლორენციელი ვაჭრის, სახელად ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს (Francesco del Giocondo) ცოლი, რომლის პორტრეტზეც ლეონარდომ 4 წელი დახარჯა და მაინც დაუსრულებელი დატოვა.

ვაზარი აქებს ნახატის ხარისხს: „ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს ნახოს, თუ რაოდენ კარგად შეუძლია ხელოვნებას, შექმნას ბუნების იმიტაცია, თავისუფლად დარწმუნდება თავის მაგალითზე, რადგანაც ლეონარდომ აქ ყველა დეტალი შექმნა. თვალები სავსეა ბრწყინვალებითა და სისველით, როგორც ცოცხალი ადამიანების. ნაზი, ვარდისფერი ცხვირი ნამდვილი გგონია… პირის წითელი ტონი ჰარმონიულად ემთხვევა სახის ფერს… ვისაც არ უნდა შეეხედა დაკვირვებით მისი ყელისთვის, ყველას ეგონა, რომ პულსი ფეთქავდა…“

ვაზარი ასევე ხსნის მსუბუქ ღიმილს მის სახეზე: „თითქოსდა, ლეონარდომ მოიწვია მუსიკოსები და მასხარები, რათა გაერთო დიდი ხნის პოზიორობისგან მოწყენილი ქალბატონი…“ შესაძლებელია ეს ისტორია სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ დასაშვებია, რომ ვაზარიმ იგი მხატვრის ბიოგრაფიას მკითხველების გართობის მიზნით შეჰმატა. ვაზარი ასევე სიზუსტით აღწერს წარბებს, რომელიც ნახატზე არაა. ეს არაზუსტობა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ,თუ ავტორმა აღწერა ნახატი მეხსიერული მახსოვრობით ან სხვისი მონათხრობით. ნახატი კარგად იყო ცნობილი ხელოვნების მოყვარულთა შორის, თუმცა ლეონარდო გაემგზავრა იტალიიდან საფრანგეთში 1516 წელს და ნახატიც თან წაიღო. იტალიური წყაროების თანახმად, მას შემდეგ ნახატი საფრანგეთის მეფის, ფრანსუა I-ის კოლექციაში იყო, თუმცა გაურკვეველი რჩება, როდის და როგორ იქნა ნახატი შეძენილი და რატომ არ დაუბრუნა ლეონარდომ იგი დამკვეთს.

ვაზარის, დაბადებულს 1511 წელს, არ შეეძლო ენახა ნახატი საკუთარი თვალით. იგი იძულებული იყო დაყრდნობოდა ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფიის უცნობი ავტორის ცნობებს. ზუსტად იგი წერს ნაკლებად ცნობილი ვაჭრის, ფრანჩესკო ჯოკონდოს შესახებ, რომელმაც შეუკვეთა თავისი მესამე ცოლის, ლიზას პორტრეტი. ბევრი მკვლევარი ეჭვობს, რომ ნახატი დაწერილი ყოფილიყო ფლორენციაში (1500—1505 წწ.). დახვეწილი ტექნიკა მიუთითებს ნახატის უფრო გვიან შექმნაზე. გარდა ამისა, იმ პერიოდში ლეონარდო ისეთი დაკავებული იყო „ანგიარის ბრძოლის“ შექმნით, რომ უარი უთხრა თავადის ქალ იზაბელა დ’ესტეს, მიეღო მისი შეკვეთა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ვაზარი თავის აღწერაში აღფრთოვანებულია არა ნახატისა და მოდელის მსგავსებით, არამედ ლეონარდოს მიერ ფიზიკური ფენომენის გადმოცემის ტალანტით. როგორც ჩანს, შედევრის ზუსტად ამ „ფიზიკურმა“ განსაკუთრებულობამ დატოვა ღრმა შთაბეჭდილება მხატვრის სალონში მოსულ მნახველებზე და მიაღწია ვაზარიმდე 50 წლის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები