ევროკავშირმა და საქართველომ საქართველოს გარემოს დაცვის სისტემის მხარდაჭერის 18-თვიანი პროექტის შედეგები შეაჯამეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის პროექტის „მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელებაში“ დასკვნით ონლაინ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე პროექტის ძირითადი მიღწევები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების დროული შესრულება. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, მოგვეცა საშუალება, შეგვემუშავებინა ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა საზღვაო გარემოს სტრატეგია და მოქმედებათა პროგრამა, ასევე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები. ეს დოკუმენტები ქმნიან ჩარჩოს ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გასაგრძელებლად, როგორიცაა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემის დანერგვა და შავი ზღვის ეკოლოგიური სტატუსის გაუმჯობესება“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით კი, აღნიშნული სფერო საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
„ევროკავშირი გარემოს დაცვის სფეროში მსოფლიო ლიდერია. ეს სფერო საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სხვადასხვა პროექტის საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად, აღნიშნული პროექტი, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, ჩვენ საქართველოს მთავრობას მხარს ვუჭერთ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში ისეთ სფეროებში, რომლებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენს საქართველოში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე. მოუთმენლად ველით გარემოს დაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მომავალშიც გაგრძელებას“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარასიმ.
ევროკავშირის პროექტი დაეხმარა საქართველოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობის შემუშავებაში, მოამზადა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის სამუშაო ვერსია, ჩაატარა ტრენინგები ინსპექტორებისთვის და შეაფასა ჰაერის ხარისხის ასპექტები, აგრეთვე, მოამზადა ზურმუხტის სამი ტერიტორიის მართვის გეგმა და დაცული ტერიტორიების მონიტორინგისა და მართვის შესახებ ანგარიშები.
პროექტის შედეგები საქართველოს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების შესრულებასა და ქვეყნის გარემოსდაცვითი სისტემის გაუმჯობესებას საქართველოს ბუნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის სამუშაო ჯგუფის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები