იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დამყარდა
იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 7332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
უკანასკნელი ანტირეკორდი 21 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ერთ დღეში 6557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 372 799 მიაღწია.
ამასთან, როგორც სააგენტო Ansa აღნიშნავს, 21 მარტს მხოლოდ 26 336 ტესტი იყო გაკეთებული, გუშინ კი 152 196 ნიმუში გამოიკვლიეს.
1844 ახალი შემთხვევა ლომბარდიაში დადასტურდა, მათგან 1032 – მილანში. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლომბარდიის რეგიონი იყოს გაზაფხულს იტალიაში კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრი.
ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლისგან განსხვავებით, დაბალია ლეტალური შემთხვევების რიცხვი. კერძოდ, ბოლო ერთ დღეში 17 გარდაცვლილია, ჯამურად, ვირუსს 36 289 ადამიანი ემსხვერპლა.