გარეთუბანი – ძველთბილისური დასახელებანი

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, გარეთუბანზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, როგორაა დახასიათებული აღნიშნულ წიგნში ეს ძველთბილისური ადგილი.


ფეოდალური თბილისის გალავნით შემოფარგლულ ძირითად ნაწილებს – კალასა და ისან–ავლაბარს გარს ერტყა გაუმაგრებელი ნაწილები, გარეუბნები: კალას სამხრეთ–აღმოსავლეთით – აბანოების უბანი და სეიდაბადი, ისნის ჩრდილოეთით – გარეთ ავლაბარი, კალას ჩრდილოეთითა და დასავლეთით – გარეთუბანი.

გარეთუბანს ეკავა ტერიტორია, რომელიც დღეს მოქცეულია ლენინის მოედნის მიდამოებში, ბარათაშვილის ქუჩის, რუსთაველის პროსპექტის, ჯორჯიაშვილის ქუჩასა და მტკვარს შორის. გარეთუბნის ჩრდილო–დასავლეთ საზღვარზე ქაშვეთის ეკლესია იდგა. დაახლოებით, ჯორჯიაშვილის ქუჩის გადაღმა ვახუშტი „თათრის სასაფლაოს“ უჩვენებს. ვახუშტის გეგმის მიხედვით, გარეთუბანი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. აქ რამდენიმე ქართული და სომხური ეკლესია მდგარა. მათგან დღეს მხოლოდ სამების ეკლესიაა შემორჩენილი. წარჩინებულ პირთა სახლებს შორის გამოყოფილია ციციშვილის, არაგვის ერისთავის სახლები, „მეიდნის სასახლე“. სხვადასხვა ცნობით, მე–18 საუკუნეში გარეთუბანში სახლები ჰქონიათ მუხრან–ბატონს, ამილახვარს, აბაშიძეს, ხერხეულიძეს, თუმანიშვილს. ოსმალთა შემოსევის შედეგად, გარეთუბანი გაჩანაგდა. მოსახლეობამ ქალაქის გალავანს შეაფარა თავი. ამას 1770 წელს დაემატა შავი ჭირის ეპიდემია. XVIII საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან გარეთუბანი კვლავ იწყებს აღორძინებას, მაგრამ კვლავ ანადგურებს აღა–მაჰმად–ხანის შემოსევები.

გარეთუბნის ვრცელი ტერიტორია დაყოფილი იყო შედარებით მცირე უბნებად. დღევანდელი პროსპექტის დასაწყისში, მუზეუმსა და კეცხოველის ქუჩას შორის ქამაანთ უბანი მდებარეობდა. კედლით შემოზღუდული ქამაანთ წმ. გიორგის სომხური ეკლესია მდებარეობდა ისტორიული მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს, იქ  – სადაც ახლა ნახევარწრიული ლოჯიანი დიდი საცხოვრებელი სახლი დგას. ამავე უბანში იდგა ღამბარაანთ ქარვასლა. გარეთუბნის ყველაზე ვრცელ ნაწილს კალოუბანი წარმოადგენდა. აწინდელი რუსთაველის კინოთეატრისა და ქაშვეთის ხაზიდან თითქმის ძნელაძის ქუჩამდე. ამ უბანში სამი ქართული ეკლესია იდგა: ქაშვეთი, სამებისა და კალოუბნის წმ. გიორგის. გარეთუბნის შუაში დიდი ნაწილი დასახლებული არ იყო. იგი სასაფლაოებს, ბაღებსა და ასპარეზს ეკავა. ასპარეზს, მტკვრის ტოტსა და დღევანდელი მტკვრის ქუჩას შორის მოქცეული სამკუთხედის ფორმის გალავნით დაცული ტერიტორია ორბელიანების უბანს ეკავა. ამ უბანშივე მდგარა მცირე ეკლესია. თხრილის გადაღმა, რომელიც დღევანდელი მტკვრის ქუჩის ხაზზე გადიოდა, იწყებოდა ვანქის მონასტრის გალავანი. მისი ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. მონასტერს, სომხურ სასაფლაოს (აწინდელი კოლმეურნეობის მოედანი) და დღევანდელ ბარათაშვილის ქუჩას შორის ტერიტორიაზე ვანქის უბანს მიკედლებული იყო მცირე ბოშის უბანი. ბარათაშვილის ქუჩის ჩრდილო–დასავლეთით, დაახლოებით შუაწელზე, იდგა ე.წ. „თეკენამის“ ეკლესია. XVIII საუკუნეში მუხრან ბატონის საგვარეულოს სახლებმა გალავნის გარეთ დაიწყეს ტერიტორიის ათვისება. მუხრანთუბანი ვიწრო ზოლად მიჰყვებოდა გალავანს ავანანთხევის გასწვრივ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები