რას აცხადებს ჩვენებაში დავით გარეჯის საქმეზე არქიმანდრიტი კირიონი და რას ამბობს მელაშვილზე

გაზეთი „კვირის პალიტრა“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის ჩვენებას აქვეყნებს.

არქიმანდრიტი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ყოფილი ხელისუფლება არასახელმწიფოებრივად და არაეროვნულად მოქმედებდნენ.

„იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თითქოს ნიღაბი მოიხსნა და ჩვენ მიმართ აგრესიული პოზიცია დაიკავა. ისინი აზერბაიჯანის ინტერესებს უფრო იცავდნენ, ვიდრე საქართველოსი და გვიმტკიცებდნენ, რომ ეს ტერიტორიები საბჭოთა კავშირის დროიდან იყო აზერბაიჯანის ტერიტორიალურ სივრცეში და მასზე ჩვენი იურიდიული უფლებები არ ვრცელდებოდა. ამ პოლიტიკის ფუნდამენტალური გამტარებელი, პირველ რიგში, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი – სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრი და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ივერი მელაშვილი. ის ყველა ხრიკს და ყველა ღონეს ხმარობდა ჩვენს და კერძოდ, ჩემს დასაბნევად. პირადი შეხვედრებისას მანახებდა სხვადასხვა წლის რუკებს, რომელიც მოგვიანებით გავიგე, რომ არავითარ შემხებლობაში არ იყო გარეჯის ­ საკითხის იურიდიულ ჩარჩოსთან და ამ მანიპულაციებით ცდილობდა საზოგადოების, ეკლესიის, მონასტრისა და ჩემს დაბნევას“, – აცხადებს საკუთარ ჩვენებაში არქიმანდრიტი კირიონი.

მისივე თქმით, მან ინტენსიურად დაიწყო გარეჯის სასაზღვრო საკითხის კვლევა არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

როგორც კირინონი ჰყვება, გამოიკვეთა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენისათვის 1996 წლის 13 ივნისს დაიდო ორმხრივი­ ხელშეკრულება, რომლითაც რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვარი უნდა გავლებულიყო 1938 წლის რუკაზე დატანილი სასაზღვრო ხაზის მიხედვით, მელაშვილი კი საყრდენად შემდგომი წლების რუკებს იყენებდა. კირიონის თქმითვე, 2014 წელს, გაზაფხულზე, იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრას ნოდარ ხორბალაძე, თედო გორგოძე და მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ესწრებოდნენ. არქიმანდრიტი ჩვენებაში ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ეს საკითხი მისი, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ღირსების საქმედ გაიხადა. არქიმანდრიტი 2015 წელს გამართულ გაფართოებულ სხდომას იხსენებს.

„ამ სხდომაზე მელაშვილი უტიფრად იქცეოდა. ის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების კარტოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ნოდარ ხორბალაძეს, შეიძლება ითქვას, ირონიულ პასუხებს სცემდა… მელაშვილს არც ერთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია. მხოლოდ ზოგადი თემებით შემოიფარგლებოდა. მან ხორბალაძეს ამ საკითხში უცოდინარი და დილეტანტი უწოდა. შემდგომ საქმეში ჩაერთო ბატონი გიორგი სვანაძე და რამდენიმე კითხვის დასმის შემდეგ მელაშვილი საკუთარ ტყუილებში გაიხლართა. მე მელაშვილს შევახსენე მისი კანონსაწინააღმდეგო (დანაშაულებრივი) ქმედებები, კერძოდ, ის წლების განმავლობაში გვანახებდა კალკის ქაღალდზე ვითომ რუკიდან ამოხაზულ ე.წ. ვიკაპიროვკას და გვეუბნებოდა, რომ ეს იმ რუკიდან ამოხაზულია, რომელსაც 1938 წელს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ მოეწერა ხელი და რომელზეც მოხდა შეთანხმება, ჩვენ კი აქამდე ჩვენი შიდა სამუშაოების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ეს ე.წ. ვიკაპიროვკა არ ემთხვეოდა არც 1:200 000 მასშტაბის და არც 1:500 000 მასშტაბის რუკებს და სრულიად გაუგებარი იყო, ამდენი ხნის განმავლობაში რომელი რუკის ე.წ. ვიკაპიროვკით სარგებლობდა მელაშვილი. მას ასევე შევახსენე არა იურიდიული, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ანუ ის სულისკვეთება, რომელიც მას გააჩნდა ამ საკითხში, კერძოდ, მუდმივი ლოიალური დამოკიდებულება აზერბაიჯანელთა პოზიციების მიმართ და უპრინციპობა ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებისადმი. ამ შეხვედრაზე მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ აქ კანონდარღვევები ჩადენილი იყო არა მართლაცდა გაუგებრობითა და უმეცრებით, არამედ შეგნებულად მორგებული იყო ორ გარდაუვალ პრინციპზე. პირველი – რომ ხდებოდა საქართველოს პოზიციების დათმობა ფინანსური ინტერესების გამო, ან მეორე – რომ ამგვარი დირექტივა მოდიოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების­ მხრიდან და მელაშვილი, მისდა სამარცხვინოდ, ამის აღმსრულებელი იყო. ივერი მელაშვილის პოზიციების გამართლება და დაცვა დაიწყო ­ იმჟამინდელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ჯალაღონიამ, მე მის პოზიციებზეც მქონდა კრიტიკული დამოკიდებულება…

მას უფლება არ ჰქონდა, გადაეხვია 1938 წლის რუკაზე დატანილი საქართველოსა და აზერბაიჯანის გამყოფი ხაზიდან. მიუხედავად ამისა, მელაშვილი თავის საქმიანობაში იყენებდა შემდგომი წლების რუკებს. ამის შედეგად სახელმწიფო დადგა საფრთხის ქვეშ, დაკარგულიყო საქართველოს კუთვნილი 6 700 ჰა ტერიტორია. ამ ყოველივეს მუშა პროცესის დონეზე ივერი მელაშვილი ასრულებდა­ ნატალია ილიჩოვასთან ერთად. აღნიშნული ციფრის შესახებ ცნობილია თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტისა და თსუ კარტოგრაფიისა და გეოდეზიის კათედრის კვლევებით, რომლებიც დღემდე მიმდინარეობს და ციფრი შესაძლოა, გაიზარდოს“, – აცხადებს კირიონი.

ის ასევე იხსენებს ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდსაც, როცა მონასტერში აზერბაიჯანისა და საქართველოს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების წევრების შეხვედრა გაიმართა.

„მხარეებმა თავსა და ბოლოში გაშალეს თავიანთი მასალები. ამ დროს ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა, რომ აზერბაიჯანის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა რუკა, რომელზეც საზღვრის ხაზი აზერბაიჯანის მხარეს თხემის ძირში გადიოდა, რითაც მონასტრები – უდაბნო, ვერანგარეჯა და ჩიჩხიტური ჩვენს მხარეს შემოდიოდა, ხოლო ივერი მელაშვილსა და მასთან ერთად მყოფ კომისიის წევრებს წარმოდგენილი ჰქონდათ რუკა, რომელზეც საზღვრის ხაზი ზედ თხემზე გადიოდა. ჯერ შეხვედრა დაწყებული არ იყო, რომ მივედით და მელაშვილს აღნიშნული ფაქტი ვუთხარით და ვთხოვეთ, რომ მას თავისი წარმოდგენილი რუკა დაეხურა და ეხელმძღვანელა აზერბაიჯანელების რუკით, ვინაიდან ეს სასარგებლო იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. მელაშვილმა საოცარი პასუხი გაგვცა – მე ამას ვერ ვიზამ, ეს არაჯენტლმენური საქციელი იქნებაო. ამის შემდგომ დღემდე აზერბაიჯანული მხარე უარყოფს იმ ფაქტს, რომ მას გააჩნია 1938 წლის რუკა, რომელზეც სახელმწიფოთა შორის მოეწერა ხელი და რომელი რუკაც თითქმის ყველა სადავო მონაკვეთს საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჭრის“, – აცხადებს კირიონი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები