მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან ერთად, ლუგარის ცენტრში იმყოფებოდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან ერთად, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა პანდემიური, ინფექციური დაავადებების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

“შეხვედრაზე, ხაზი გაესვა თურქეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობას. ასევე – ორივე ქვეყნის მზადყოფნას მომავალში, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.

აქვე აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი, მზად არიან, გააძლიერონ თანამშრომლობა ჯანდაცვის სექტორში, რაც ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური, მდგრადი და თანამედროვე ჯანდაცვის სისტემების განვითარებას, ორივე ქვეყანაში.

მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთთან პარტნიორობის,  განსაკუთრებით ჯანდაცვის სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, მხარეებმა, დაავადებათა პრევენციის, სამკურნალო საშუალებებისა და მეთოდების გაზიარების შესახებ იმსჯელეს და ამ მიმართულებებით კონკრეტული ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება.

საქართველოსთან, ჯანდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა. ქემალ მემიშოღლუმ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთი და საქართველო, მეზობელი და მეგობარი ქვეყნები არიან, რომლებიც ყოველთვის ისტორიის სწორ მხარეს დგანან და მშვიდობასა და კეთილდღეობას წარმოადგენენ.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემიშოღლუ, მოადგილესთან და ჯანდაცვის მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისს, 20 ოქტომბერს ეწვია და მაღალი რანგის შეხვედრები გამართა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები