კონსტანტინე გამსახურდია, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რეჯო-კალაბრიაში ქართული საკვირაო სკოლა „იმედის“ ერთი წლის იუბილეს დაესწრო
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რეჯო-კალაბრიაში ქართული საკვირაო სკოლა „იმედის“ ერთი წლის იუბილეს დაესწრო.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ამავე დღეს გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდიამ წიგნები, მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: იტალიის ქალაქ ბარის გენერალური კონსული ირაკლი ქოიავა, ვიცე-კონსული მარიამ ალფაიძე, სკოლა „იმედის“ პრეზიდენტი ხათუნა ქარაია და პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.
კონსტანტინე გამსახურდია და ირაკლი ქოიავა ქართული კულტურისა და განათლების განვითარებასა და პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია „ივერიით“ დაჯილდოვდნენ.
20 ოქტომბერს იტალიურმა გამომცემლობა „ლეონიდე ედიზიონემ“ და მისმა დირექტორმა დომენიკო პოლიტომ ქართულ დელეგაციას უმასპინძლეს. კონსტანტინე გამსახურდიამ, სხვა მწერლებთან ერთად, თავისი სამი წიგნის პრეზენტაცია გამართა და ვრცლად ისაუბრა ქართული ლიტერატურისა და კულტურის შესახებ, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მხატვარ ელენე გამგონიძის ნახატების გამოფენა, რომელმაც იტალიელი კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.