გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო მკაცრია კანონი, მას თავისი პლუსი აქვს – სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება ეძლევა ჯარიმის ნაცვლად ადამიანები განარიდონ ტერიტორიას

„რადიკალებმა, მცირე რაოდენობის ხალხის მიუხედავად, რაც გააკეთეს – დამხობის მცდელობის ინსცენირება, ამაზე შესაბამისი პასუხიც მიიღეს,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როცა კომენტარი გააკეთა ახალ კანონზე, რომელიც ქუჩის ხელოვნურად გადაკეტვისთვის რეაგირების ზომების გამკაცრებას ეხება.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ კანონის ძალაში შესვლიდან საჭიროა გავიდეს გარკვეული დრო მისი ეფექტურობის განსასაზღვრად.

„რაც უფრო მკაცრია კანონი, მას თავისი პლუსი აქვს – სამართალდამცავ ორგანოებს ეძლევათ საშუალება ჯარიმის ნაცვლად, ადამიანები განარიდონ ტერიტორიას, რადგან არ შეიძლება ათმა და ოცმა კაცმა მთავარი გამზირი გადაკეტოს. ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება და ვერავინ მოიყვანა მსგავსი მაგალითი.

ამავდროულად, ამას სჭირდება გარკვეული დრო, იმიტომ, რომ როცა დაიწყო გზის გადაკეტვები, ხალხის რაოდენობა ამის საშუალებას იძლეოდა, თუმცა, შემდეგ მათი რიცხვი შემცირდა. აქციის მონაწილეების რაოდენობამ იკლო არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიხვდნენ, შეკრებებს აზრი აღარ ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ დაინახეს აქციების დამკვეთების რეალური სახე. აქციების დამკვეთები არიან ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები და მათი პატრონები, რომლებმაც თქვეს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდნენ. მათ პირდაპირ მისცეს აღიარებითი ჩვენება, რომ არ მოვიდა იმ რაოდენობის ხალხი, რაც ეგონათ (მრავალი თვის განმავლობაში ამზადებდნენ დამხობის სცენარს) და შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ დაგეგმილის შესრულებას. ის კი, რაც რადიკალებმა, მცირე რაოდენობის ხალხის მიუხედავად, მაინც გააკეთეს – დამხობის მცდელობის ინსცენირება, ამაზე შესაბამისი პასუხიც მიიღეს,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები