დავით გარეჯის საქმეზე, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ
საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის თქმით, ბრალდების მხარე სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართავს.
„დასრულდა ბრალდებულებისთვის ბრალდების ოფიციალური გაცნობა. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ეს დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ბრალდების მხარე სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართავს. ბრალდებულები ბრალს არ ეთანხებიან, თუმცა, ეს მათი, როგორც ბრალდებულების უფლებაა. ეს არის ბრალდებულების მიერ ჩადენილი განზრახი ქმედება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიებიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების, დაახლოებით, 3 500 ჰა ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.