ვლადიმერ პუტინი დღეს 68 წლის გახდა. ეს ის ვლადიმერ პუტინია, რომელმაც რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებები ვალენტინა ტერეშკოვას დახმარებით შეიტანა და შედეგად, სულ მცირე 2035 წლამდე აპირებს ქვეყნის მართვას. თან, როგორც აღმოჩნდა, საერთოდ არ აქვს იმის პრეტენზია, რომ Царь უწოდონ, საერთოდ არა! ახლახან, მან რუსულ მედიას უთხრა, რომ არ არის სწორი, როცა ასე უწოდებენ, რადგან ის მეფესავით ბრძანებებს კი არ გასცემს, არამედ უბრალოდ მუშაობს, თავის სამუშაოს ასრულებს. ალბათ, როგორ დაიღალა, უკვე ასაკშიცაა, 68 წლის გახდა და სინამდვილეში სულაც არ უნდა პრეზიდენტობის გაგრძელება, მაგრამ რა ქნას? მაისში ჩატარებულ საყოველთაო რეფერენდუმზე „გამოჩნდა“, რომ რუს ხალხს, მის გარდა, ქვეყნის მმართველად სხვა ვერც წარმოუდგენია. ამიტომ, ის თანამდებობაზე კიდევ ერთი-ორი ათეული წლით დარჩება და თავის სამუშაოს პირნათლად შეასრულებს. დღეს კი მას დაბადების დღეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, რუსი ჩინოვნიკები, კრემლის მედია, მეგობრები და ლოიალური პარტნიორები ულოცავენ. უამრავ საჩუქარსაც იღებს…ამ საჩუქრებს შორის მან ევროპისგან უკვე ორი ძალიან გამორჩეული პრეზენტი მიიღო და, დიდი ალბათობით, მომავალშიც კიდევ არაერთს მიიღებს.
პუტინის პირველი საჩუქარი:
დღეს ბერლინის სასამართლოში სისხლის სამართლის იმ საქმის განხილვა იწყება, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მკვლელობას-ზელიმხან ხანგოშვილის ლიკვიდაციას ეხება. ამ პროცესის ფარგლებში, გათვალისწინებულია 25 სასამართლო სხდომა, რომლებიც მინიმუმ 2021 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება. გერმანიაში ფიქრობენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობას პირდაპირი კავშირი აქვს კრემლთან. მოკლული ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურია, ხოლო საბრალდებო სკამზე რუსეთის მოქალაქეა. გერმანიის ფედერალური პროკურატურა, რომელიც ამ პროცესზე ბრალდების მხარეს წარმოადგენს, რუსეთის ხელისუფლებას იმაში სდებს ბრალს, რომ სწორედ მან გასცა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ბრძანება.
2019 წლის 23 სექტემბერს ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქის, ხანგოშვილის მკვლელობამ რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობის დაძაბვა და რუსი დიპლომატების გაძევება გამოიწვია. გერმანიამ ღიად დაადანაშაულა რუსეთის ხელისუფლება იმაში, რომ ის არ ეხმარება ბერლინს ამ საქმის გამოძიებაში. კრემლი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამ დრომდე აცხადებს, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე „ვადიმ სოკოლოვია“. ოფიციალური ბერლინი კი პირდაპირ ამბობს- თუ სასამართლოში დამტკიცდა, რომ გერმანიის მიწაზე მომხდარი თავდასხმის მომზადებაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები მონაწილეობდნენ, კრემლის წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება.
ვინ არის ბრალდებული სოკოლოვი
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში გერმანულმა პროკურატურამ ბრალი რუსეთის მოქალაქეს დასდო, რომელიც მკვლელობის ადგილიდან ახლოს მიმალვის დროს დააკავეს. მას თან ჰქონდა ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტი, მაგრამ მალევე გახდა ცნობილი, რომ ეს მისი ნამდვილი ვინაობა არ იყო. მალევე დადგინდა, რომ სინამდვილეში ეს პირი ФСБ-სთან დაკავშირებული ვადიმ ნიკოლოზის ძე კრასიკოვია. როგორც Deutsche Welle იუწყება, 2014 წელს მას რუსეთის ხელისუფლება ინტერპოლის მეშვეობით მკვლელობის მუხლით ეძებდა. გამოცემების: Insider-ის, Bellingcat-ისა და Der Spiegel-ის გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფმა კი გაარკვია, რომ 2015 წელს მოსკოვმა კრასიკოვის ძებნის დოკუმენტი გააუქმა, ორიოდე თვის შემდეგ კი ეს გვარი რუსული ბაზებიდან საერთოდ გაქრა. სამაგიეროდ, „დაიბადა“ ახალი ადამიანი – სოკოლოვი.
გერმანელი სამართალდამცველები თვლიან, რომ ხანგოშვილის ლიკვიდაციისთვის ბრალდებული წინასწარ მოემზადა და დახმარებას ФСБ-ს ვეტერანების გაერთიანება Вымпел-სგან იღებდა.
ირკვევა, რომ კრასიკოვი-სოკოლოვი 2019 წლის გაზაფხულზე ხშირად სტუმრობდა ФСБ-ს საწვრთნელ ბაზას. აღსანიშნავია, რომ გაერთიანება Вымпел-ში ფორმალურად ვეტერანების საქმეებით არის დაკავებული, თუმცა, სინამდვილეში მასში არაერთი მოქმედი „ეფ-ეს-ბე-შნიკი“ მოღვაწეობს.
2019 წლის აგვისტოში ვადიმ კრასიკოვმა, რომელსაც პასპორტი სოკოლოვის სახელზე ჰქონდა აღებული, დაგეგმილ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის საელჩოში ვიზა აიღო და პარიზში გაფრინდა, სადაც მთელი ერთი დღე ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდა. შემდეგ ვარშავაში გაფრინდა, სადაც ასევე ნამდვილი ტურისტივით იქცეოდა. სავარაუდოდ, ის სწორედ ვარშავაში შეხვდა თანამზრახველ რომან დ-ს, რომელმაც ის იარაღით უზრუნველყო. 23 აგვისტოს კი კრასიკოვი უკვე ბერლინში ხანგოშვილს ველოსიპედით აედევნა, პარკში უკნიდან მიუახლოვდა, გადაუსწრო და პირველი გასროლა განახორციელა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გასროლის სიძლიერის გამო, თავად მკვლელი ველოსიპედიდან გადმოვარდა, მაგრამ ფეხზე ადგა და ხანგოშვილს თავში კიდევ ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ მან მდინარეში იარაღისა და ველოსიპედის გადაგდება მოასწრო, თუმცა, რამდენიმე წუთში გერმანულ პოლიციას ხელში ჩაუვარდა.
ამ პირმა „მკვლელობაზე სახელმწიფო დაკვეთა მიიღო“- მიაჩნია ბრალდების მხარეს. პროკურორებს რამდენიმე არგუმენტი აქვთ: კრასიკოვის ფიქტიური ალტერ-ეგო, რომლის მიღება რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების გარეშე შეუძლებელი იყო, სამსახურის ყალბი ცნობა, მკვლელობის მომზადების გარემოებები და შესრულების მანერა, და ბოლოს, მოსკოვის ინტერესები ხანგოშვილის მოშორებისთვის. გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში კრასიკოვის შესახებ ნათქვამია: „ის ან ფინანსურ ჯილდოს ელოდა ან თავისი დამკვეთების მოტივს იზიარებდა – პოლიტიკური მოწინააღმდეგის ლიკვიდაცია და ამგვარად შურისძიება რუსეთთან წარსული კონფლიქტების გამო.“
პუტინის მეორე საჩუქარი:
ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღეზე ევროპელებისგან მეორე საჩუქარიც მიიღო: ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPSW) დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ამ გავლენიანი ორგანიზაციის კვლევის შედეგები გერმანული, შვედური და ფრანგული ლაბორატორიების შედეგებს დაემთხვა. (OPSW)-სგან ექსპერტიზის რეზულტატის მიღების შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება ითვლება სერიოზულ ქმედებად, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე. მართალია, ჰიბრიდული ომის ფარგლებში კრემლის რუპორები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აარიდონ ამ თუ სხვა გახმაურებული დანაშაულებების გამო, მაგრამ ეს სულ უფრო ნაკლებად გამოსდით.
ცოტა ხანში კი ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საჩუქარს მიიღებს-ჰააგაში, მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეზე უპრეცედენტო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც რუსეთის ხელისუფლების დანაშაულებრივი სახე კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება. შედეგად, ადრე თუ გვიან, 298 დაღუპულის ოჯახი თუ სხვადასხვა სახელმწიფო კრემლის ამ დიდი ბოროტების ჩადენის გამოც მოთხოვს. შესაძლოა, ეს სულ მალე –
ვლადიმერ პუტინის შემდეგ დაბადების დღემდეც მოხდეს.
სოფიო გამცემლიძე