კახა კახიშვილმა დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გამართა

„ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა საარჩევნო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, პრეზენტაციას იმ კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ, რომლებიც თბილისში ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.

კახიშვილის ახალი ინიციატივის თანახმად, ისნის რაიონის მაცხოვრებლებს დასაქმების შესაძლებლობა მათსავე უბანში ექნებათ, რითიც საკუთარი საცხოვრებელი გარემოს განვითარებაშიც შეიტანენ წვლილს.

პროექტის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი isani.hr.ge, სადაც ისნის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები დარეგისტრირდებიან და საკუთარ მონაცემებს შეიყვანენ.

„როდესაც რაიონის მასშტაბით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის შესაბამისი სტრუქტურა ტენდერს გამოაცხადებს, ერთ-ერთი სატენდეტო პირობა სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის დასაქმება იქნება. შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის ადამიანების მოძებნა კი დამსაქმებელს სწორედ აღნიშნულ ვებგვერდზე შეეძლება.

დასაქმების აღნიშნული პროგრამა, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს რაიონში მცხოვრებ იმ უამრავ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა ხელობას მაღალ დონეზე ფლობენ და დასაქმების პრობლემა აქვთ. გარდა იმისა, რომ ეს იქნება ახალგაზრდებისთვის, პენსიონერებისთვის თუ დროებით უმუშევრებისთვის ფინანსური წახალისება, აგრეთვე, გახდება მოტივაცია უფრო მეტად გაუფრთხილდნენ და მოუარონ საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში არსებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც უშუალოდ მათი მონაწილეობით, მათი შრომით შეიქმნება. ეს იქნება სკვერი, გზის საფარი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულების ობიექტი თუ სხვა რამ”, – აღნიშნა კახიშვილმა პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, ვებგვერდზე, დასაქმების მსურველთა ელექტრონულ ბაზასთან ერთად პროფესიული სასწავლებლების ბმულებიც განთავსდება, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს და მომავალში დასაქმების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ:

„ისევე როგორც დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ჩემთვის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ადამიანების კეთილდღეობაა. სწორედ ამიტომ, ჩემი ინიციატივები და გეგმები მაქსიმალურადაა მორგებული ისნის რაიონის მაცხოვრებელთა საჭიროებებზე”, – განმარტა დეპუტატობის კანდიდატმა.

შეხვედრისას კომპანიების წარმომადგენლებმა დასაქმების ვებგვერდის იდეას მხარი დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტი მათთვის მისაღებია, რადგან ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ხელობის მქონე პროფესიონალი კადრების მოძიება უჭირთ.

როგორც კახიშვილმა დასაქმების პროგრამის პრეზენტაციის დასასრულს განაცხადა, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ კომპანიების წარმომადგენლებს გაუადვილდებათ სამუშაოების განხორციელება, რადგან ერთიან ბაზაში თანამშრომლების მოძიება და, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ,მათთვისაც მომგებიანია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები