ირაკლი კოვზანაძე: ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, შენარჩუნებულია დღეს შემოსულ ბიუჯეტში
„ხვალიდან პარლამენტში საბიუჯეტო პროცესს დავიწყებთ, დღეს მივიღეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსია, თითქმის, 1200 გვერდზეა წარმოდგენილი და ითვალისწინებს ყველა ტიპის ხარჯებს”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს დაიწყება საგარეო ვალების შემცირება და ეს პროცესი აღწერილია ამ ბიუჯეტში.
„რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა გათვალისწინებულია 5%-ის ფარგლებში. მას მერე, რაც წლევანდელ წელს ჩვენ რეცესია გვაქვს, ინფლაცია არის 3%-ის ფარგლებში, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი არის 5,1% -ის ფარგლებში. ანუ დეფიციტი მცირდება – წლევანდელ ბიუჯეტში გვაქვს 8,5% , მომავალ წელს იქნება 5,1%. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, შენარჩუნებულია, მათ შორის, პენსიებთან, მასწავლებლებთან, ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან დაკავშირებით, ასევე არის აღწერილი ამ ბიუჯეტში.
იქედან გამომდინარე, რომ ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებსაც დაჭირდებათ გარკვეული დაზუსტება, ვფიქრობ, ეს ბიუჯეტი განიცდის ცვლილებებს იმის გამო, რომ არ არის გათვალისწინებული გარკვეული ხარჯები ამ თვალსაზრისით. მთავრობას ექნება შესაძლებლობა, რომ ხარჯები დააზუსტოს და ნოემბრის დასაწყისში, შემოიტანოს ახალი ვერსია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბიუჯეტის ამ ვერსიაში იზრდება საგადასახადო შემოსავლები. 2020 წელს საგადასახადო შემოსავლები 9 მილიარდი იყო გათვალისწინებული, ამ პირველად ვერსიაში 10,4 მილიარდია გათვალისწინებული. ასევე გათვალისწინებულია საგარეო დაფინანსება”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ პროცესი დაიწყება დღეს ბიუროს სხდომაზე ბიუჯეტის რეგისტრაციით, რის შემდეგაც ყველა კომიტეტს, ფრაქციას, უმრავლესობას, ოპოზიციას შესაძლებლობა ექნებათ, განიხილოს დოკუმენტი.
შემაჯამებელი სხდომა გაიმართება 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და ამის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გადაეგზავნება მთავრობას, რომელიც გადამუშავებულ ვერსიას ნოემბრის დასაწყისში დაუბრუნებს პარლამენტს.