კახეთში ყურძნის მოსავალი 23 ათასმა მევენახემ დააბინავა, მათი შემოსავალი 242 მლნ ლარს აღწევს

“რთველი 2020”-ის ფარგლებში, ბოლო მონაცემებით, კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 23 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 242 მლნ ლარს აღწევს.
ამ ეტაპზე, კახეთში 232 თასი ტონა ყურძენი: 158 ათასი ტონა რქაწითელი, 61,4 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსავლის დაბინავება კახეთში შეუფერხებლად გრძელდება, ყოველდღიური გადამუშავება 5-6 ათასი ტონის ფარგლებშია. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანში – 70 ათასი ტონა, კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი სურათია: ყვარელი – 56 ათასი ტონა, თელავი – 36,7 ათასი ტონა, სიღნაღი – 20 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 16 ათასი ტონა, საგარეჯო – 12 ათასი ტონა, ახმეტა – 10 ათასი ტონა და დედოფლისწყარო – 7,3 ათასი ტონა.
ამ ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 180 საწარმო იყო ჩართული.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები