სომხეთის პრეზიდენტი: თუ საერთაშორისო საზოგადოება არ ჩაერევა, სამხრეთ კავკასია შესაძლოა, მეორე სირია გახდეს
“თუ მიმდინარე მოვლენებში საერთაშორისო საზოგადოება არ ჩაერევა, სამხრეთ კავკასია მეორე სირია გახდება”, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა CNBC-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ თუ ახლა არ ჩაერევა, კავკასია მისთვის შეიძლება, დიდი პრობლემად იქცეს. წარმოგიდგენიათ, რომ კავკასია მეორე სირია გახდეს?!”, – თქვა სარქსიანმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღი ათასწლეულების განმავლობაში სომხეთის ნაწილი იყო.
“საბჭოთა კავშირის დროსაც კი, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის 90% სომხები შეადგენდნენ. ბრძოლა გაგრძელდება და სომხები დაამტკიცებენ, რომ პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება და, გვინდა თუ არა, მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა დავბრუნდეთ”, – თქვა სომხეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, თურქეთის ამჟამინდელი ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ის ყველგან ქმნის პრობლემას – ხმელთაშუა ზღვაში, საბერძნეთში, ლიბიასა და ერაყში.