,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი 8 წლის წინ ,,ქართული ოცნების” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების თარიღს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამის შემდეგ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო.
მისი თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბერს ,,ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ტოტალური წნეხის, შანტაჟის, დაშინების, დევნის, ერთი პარტიისთვის მორგებული საარჩევნო პრივილეგიების მიუხედავად, შეძლო გამარჯვება.
,,8 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” გამარჯვებით ჩვენს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით „ქართულმა ოცნებამ” შეძლო და დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი. მაშინ ოპოზიციამ, ტოტალური წნეხის, შანტაჟის, დაშინების, დევნის, ერთი პარტიისთვის მორგებული საარჩევნო პრივილეგიების მიუხედავად შეძლო გამარჯვება.
2012 წლის 1 ოქტომბერი იყო ქართველი ხალხის არჩევანი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის, მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების სასარგებლოდ.
დღეს ჩვენი საერთო მიზანია, ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, საკუთარი პოზიციიდან შეძლოს მონაწილეობა საერთო წარმატების შექმნაში და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ გაკეთებული ჩვენი საერთო არჩევანის შემდგომ რეალიზებაში.
დღეს პრიორიტეტია მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვა და მისი სოციალური უზრუნველყოფა. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ყველა მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემსახურება – უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია უფრო სამართლიანი და დაცული საზოგადოებისკენ სწრაფვის გზაზე.
„ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეძლო უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო და პოლიტიკური რეფორმების გატარება – ახალი კონსტიტუციის მიღება, ქვეყნის ქცევა ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკად და საარჩევნო რეფორმის უზრუნველყოფა – რაც ვერც ერთმა წინამორბედმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.
8 წლის მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საგარეო ურთიერთობებში: გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის უმაღლეს ნიშნულს მივაღწიეთ. გაიზარდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, საერთაშორისო ცნობადობა და პოლიტიკური პრესტიჟი, გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი.
ჩვენ ყოველწლიურად ვუახლოვებთ ევროპულ სივრცეს, ჩვენი უმთავრესი ღირებულება არის ადამიანზე ზრუნვა და ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მორგება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
„ქართული ოცნების” არჩევის შემდგომ 8 წელი არის მშვიდობიანი განვითარების 8 წელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკით, ქვეყნისათვის დაძაბულობისა და კონფლიქტების არიდებით, საქართველოს დეოკუპაციისაკენ მიმართული გამოკვეთილი ძალისხმევით და პრინციპული პოზიციით – რომ საქართველოს ოკუპაციას არასდროს შევეგუებით და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვაპირებთ მხოლოდ სამშვიდობო პროცესით, საერთაშორისო მხარდაჭერითა და ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების შეთავაზებით ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის.
ჩემთვის, როგორც „ქართული ოცნების” ერთ-ერთი წარმომადგენლისთვის ეს თარიღი ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით შევედით ამ ბრძოლაში, ყველაზე ცხელ წერტილში, ზუგდიდში „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ვხელმძღვანელობდი და ეს იყო უდიდესი გამოწვევა. ვიცოდით რომ ეს არ იყო ადვილი, ვიცოდით სად მივდიოდით და რა წინააღმდეგობებიც გველოდა.
დღეს, ამ გამარჯვებიდან რვა წლის შემდეგ, არის პრობლემები და საჭიროებები, რომელთა თანმიმდევრული მოგვარება, მხოლოდ „ქართულ ოცნებას” შეუძლია, ეს პოლიტიკური ძალა დღესაც უალტერნატივოა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ – ერთად საქართველოს წარმატებისთვის!” – წერს ირაკლი ჩიქოვანი.